
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" ამ სტატიით მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები იმის გამო, რომ დაუდგენელმა პირებმა კიდევ ერთი უკანანო ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებაც დააანონსეს.
ამასთან, გთხოვთ მიიღოთ ცნობად, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერის ტირაჟირების მცდელობა მოხდა ჰოლდინგის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას პროფილზე "ფეისბუქში", სადაც გამოქვეყნებული იყო აქტიური ლინკი, რომელიც ბერულავამ დილით, კომპიუტერის ჩართვისა და კედლის გადახედვის შემდეგ წაშალა.
ამის მიუხედავად, როგორც ბერულავა ამბობს, მან შეინახა სქრინ-ფოტოები, რომლებიც, შესაძლოა, გამოადგეს სამართალდამცველ ორგანოებს. მათი დაინტერესების შემთხვევაში, ლაშა ბერულავა მზადყოფნას გამოთქვამს, სქრინ-ფოტოები გადასცეს სამართალდამცველ ორგანოებს.
"ძალიან გვიან გამოვრთე კომპიტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა. გასვლის წინ კედელს ვამოწმებ ხოლმე - ხომ არ დაუსვამს რაიმე შეკითხვა ვინმეს, სპამი ხომ არ არის და ა.შ. ასევე ვიქცევი დილით, როცა ლეპტოპს ვრთავ. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა დაახლოებით 08:15-ზე "ფეისბუქზე" შევედი და კედელს ჩავუყევი, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: "გაავრცელეთ!". ფეისბუქის ქრონოლიგია მიჩვენებდა, რომ ერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო. როგორც კი ფარული კადრები დაიწყო, გადავახვიე და აღმოვაჩინე, რომ ბოლოში იყო მოწოდება, ანონსი და ულტიმატუმიც კი, რომელთა შინაარსის ტირაჟირებას არ მოვახდენ. არ ვიცი, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტების კედლებზეც გამოაქვეყნეს, ვეცდები, ვნახო", - ამბობს ლაშა ბერულავა.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" კიდევ ერთხელ, ხმამაღლა აცხადებს, რომ არც ჰოლდინგში შემავალი მედიარესურსი და არც რესურსები "ფეისბუქზე", ჰოლდინგში მომუშავე პერსონალის კედლების ჩათვლით, არ და ვერ იქნება გამოყენებული მსგავსი უკანანო ფარული ჩანაწერების ტირაჟირებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო სტრუქტურები უფრო აქტიურად იმოქმედებენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.