
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე წერს, რომ ხელისუფლება პრიმატთა კლასს მიეკუთვნება და ეს მრავალჯერადი ცდებით „ახალგაზრდა ეთოლოგებმა“ ზურა ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ დაადგინეს“.
"პრიმატებს, ანუ მაიმუნებს, გააჩნიათ კონკრეტული აზროვნება. ანუ, მათ არ შესწევთ უნარი მყისიერი მოვლენის განზოგადებისა. ეს განაპირობებს მათი დაჭერის უძველეს და უმარტივეს წესს: ვიწროყელიან ქილაში, გნებავთ, ქოთანში, ათავსებენ ბანანს და ჩასაფრდებიან. მაიმუნი ჩაყოფს ხელს, დაიჭერს ბანანს, ბანანიანი ხელი უკან ვეღარ ამოაქვს, მაგრამ ხელსაც არ უშვებს და მას მშვიდად იჭერენ.
ორმა ახალგაზრდა ეთოლოგმა, ზურა ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ მრავალჯერადი ექსპერიმენტის გზით დაადგინეს, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება სწორად პრიმატთა კლასს მიეკუთვნება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ორი ადამიანი ხელისუფლებას რეგულარულად ამაიმუნებს და ისიც სიამოვნებით, მთელი გულით მაიმუნობს. აი უკვე მერამდენე ბანანი დააჭერინეს ხელში და ისინიც დგანან წაკუზულები, მაგრამ ხელს მაინც არ უშვებენ.
როგორც ყოველთვის, ჯერ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა ცდილობენ, ყველას, საკუთარ თავსაც, აუხსნან, რა გააკეთეს. და როგორც ყოველთვის, როგორც წყეულ ბანანიან ქილაში, ჩაკეტილ წრეში მოექცნენ: ინფორმაცია სააგენტომ გაავრცელა, რომელიც წყაროს არ ამხელს, შსს, რომელმაც ინფორმაცია იმ წამსვე დაადასტურა, როგორც ფაქტი, ამბობს, რომ ინფორმაციას დღესაც მხოლოდ მედიიდან ფლობს, ელჩი, რომელიც სამაგალითოდ უგვანოდ მოიქცა, ვერ იხსენებს, ამბავი საიდან გაიგო და საგარეო დღეს ითხოვს ბაქოდან ინფორმაციას, რომელიც გუშინ დაადასტურა.
როგორც ჩანს, ეს კონკრეტული მაიმუნობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა ეთოლოგთა ჯგუფს ნიჭიერი ირმა ნადირაშვილიც შეუერთდა, როგორც ჩანს, ჩემი მეზობელი ჰაკიმისგან პრიმატებისთვის დამახასიათებელი თითების ქნევითა და ხელების ფშვნეტით დაანონსებულ ცხელ ზაფხულს ფეხბურთის გარდა ხელისუფლების თავდავიწყებული მაიმუნობაც გაგვიხალისებს."– წერს გივი თარგამაძე.