
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაციისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას გამოეხმაურა:
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა ანექსია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ინტენსიურად ჩადის რუსეთში. ყველა მიხვდება, რომ ეს განპირობებულია მცდელობით, იქნებ რუსეთთან დათბეს ურთიერთობები და უარყოს მის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სუვენერულ სახელწიფოებად აღიარება. ნეტავ, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები და ეს ყოველივე რით დასრულდება?!.", - წერს მეუფე ზენონი.
მეუფემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვლადიმირ პუტინისა და ილია მეორის შეხვედრის ამსახველი ოფიციალური ფოტოც გამოაქვეყნა და დაურთო წარწერა:
"რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა, იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ - ღმერთს ვთხოვ, რომ ამჯერად მაინც არ დასრულდეს საბა-სულხანის მსგავსად, დღევანდელი ვედრება საქართველოს ეკლესიისა..."
მეუფის მიერ ამ პოზიციის გამოხატვას მისივე ფეისბუქ-მეგობრების მხრიდან აზრების გამოთქმა მოჰყვა. ერთერთმა მეგობარმა დაწერა:
"ვისაც არ უნდა ეწყინოს, მე რუსეთი მირჩევნია დანარჩენ ვამპირ მსოფლიოს, ინგლისს რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა და ამერიკას, რომელსაც ეროვნება და ტრადიცია არ გააჩნია. რუსეთი საშიში ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეულები", - რასაც მეუფე ზენონის შემდეგი პასუხი მოჰყვა:
"არცერთი ქვეყანა არ არის კარგი და არცერთი ქვეყანა არ არის ცუდი. სადაც ადამიანია იქ იმყოფება ბოროტებაცა და სიკეთეც. საკითხი ასე დგას ვინ ვნებს დღეს საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვინ ამცირების ამ ხალხის ღირსებას, ვინ ართმევს საცხოვრისებს, ვინ აკნინებს და ვინ აცრემლებს..."