-
2016-09-13 04:24
ქუთაისში დაანონსებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების იდეას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება და სოციალურ ქსელებში აქტიური პირები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ და აფასებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას უნივერსიტეტთან დაკავშირებით დღეისათვის უკვე ცნობილი დეტალები.
დავით ცირამუა "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარამეტრებისა და სხვა ფაქტორების შესახებ:
"ქუთაისში ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აპირებენ ააშენონ უნივერსიტეტი, რომელშიც, მათი გათვლით, 60 000 სტუდენტი ისწავლის. ამასთან, უნივერსიტეტის ძირითადი პროფილი იქნება ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები.
* საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 35-45 ათასი აბიტურიენტია. ( მათგან მხოლოდ 25-30 ათასი ხდება სტუდენტი)
* 2016 წლისათვის საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში 132,950 ადგილობრივი და 6,630 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ( სწავლების სამივე საფეხურზე )
* საქართველოში აკადემიური პერსონალის რიცხოვნება 7,000-მდეა ( პროფესორი, ასოცირებული პროფესორი,ასისტენტ პროფესორი).
ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, ფონდ ქართუს მხარი დაუჭიროს და მილიარდ ევროდ ქუთაისში ააშენებინოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლისთვისაც, ფიზიკურად, არც სტუდენტი და არც აკადემიური პერსონალი არ ჰყავს ქვეყანას.
______________________
ამ დროს:
* სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა (და არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში). კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა უკანა პლანზეა გადაწეული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სკოლებს ჰგავს, სადაც სტუდენტებს სემინარისთვის ტექსტებს აზეპირებინებენ.
* სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობაში ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მეტ წილად კი ისევ საბჭოთა დროინდელი აუდიტორიებია.
* სახელმწიფო გრანტს იღებს აბიტურიენტთა მხოლოდ 20%, ხოლო სრულ დაფინანსებას მხოლოდ 5%.
* 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთავრობა შლის აგრარულ უნივერსიტეტსა და MIT-ს შორის არსებულ შეთანხმებას. მოგვიანებით კი ყიდის ბათუმში აშენებულ შენობას, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო.
* სანაცვლოდ ქვეყანაში შემოდის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომელიც QS Ranking-ით მსგავსი მიმართულების უნივერსიტეტებს ძალიან, ძალიან ჩამორჩება).
* მთავრობა გვპირდება, რომ ბათუმის ნაცვლად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თბილისში, დიღმის ჭალებში აშენდება და მის მშენებლობას ფონდი ქართუ დააფინანსებს. გვახსოვს ალბათ საფუძვლის ჩაყრის ცერემონია.
* მოგვიანებით, ანუ ამ რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თბილისში მხოლოდ კვლევითი ცენტრი იყოს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდეს ქუთაისში, ტყეში, სადაც ტბა და მდინარეა.
2019 წელს ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს. უბრალოდ მიიღებს, თუნდაც 1 სტუდენტს.
PS: მეგობარმა სხვა სტატისტიკაც შემომაშველა: კალიფორნიის ტექ. უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექ. უნივერსიტეტში, იელში, პრინსტონსა და ჰარვარდში ერთად აღებული სწავლობს 54, 057 სტუდენტიო..."