
რუსული კომპანიები "გაზპრომი" და "როსნეფტი" ექსპანსიას გეგმავენ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე. ამის შესახებ "Грузия Online"-ს კორესპონდენტს რუსეთში შეატყობინა წყარომ, რომელიც რუსეთის გაზის მონოპოლისტის დირექტორატთანაა დაახლოებული.
ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და "გაზპრომის" დირექტორს, მილერს შორის მიმდინარეობს საქართველოს ნავთისა და გაზის სახელმწიფო კონსორციუმის 25%-ის შეძენის შესახებ დახურული ტენდერის გზით.
წყარო აგრეთვე იუწყება, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ყაზახი და აზერბაიჯანელი ინვესტორებისაგან გასუფთავების მექანიზმი უკვე გაშვებულია, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. მისივე სიტყვებით, ცნობილია, რომ საქართველოდან უკვე მიდიან და თავიანთ ქონებას ყიდიან ყაზახური კომპანიები: "ყაზტრანსგაზი" და "ყაზტრანსოილი".
წყაროს ინფორმაციით, ბატალიები საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ჯერ კიდევ წინაა. ამიტომ "გაზპრომი" ყველანაირად ცდილობს, გაამაგროს თავისი წარმატებები ამ მიმართულებით და გახდეს მონოპოლისტი. ყაზახი ინვესტორების წასვლისათვის პირობების შექმნა ამ გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები შეეხება მხოლოდ სომხეთში გაზის მიწოდების კომერციულ მხარეს, ეს არის მხოლოდ მოლაპარაკებების ნამდვილი მიზნების დაფარვის პოლიტიკა.
წყაროს ცნობით, ამ საკითხში, საერთოდ, საქართველოს ნომინალური როლი აკისრია, რადგანაც ძირითადი მოლაპარაკებები მოცულობისა და ფასის შესახებ მიმდინარეობს სომხეთსა და "გაზპრომს" შორის, საქართველო კი, უბრალოდ, თანახმაა ტრანზიტზე მისი ტერიტორიის გავლით, რაზეც გაზის გარკვეულ მოცულობას უფასოდ მიიღებს.
თუმცა ამ საკითხშიც არის სიახლეები. წყაროს სიტყვებით, არსებობს გარკვეული შეთანხმება, მოხდეს გაზის იმ ნაწილის მონეტარიზაცია, რასაც "გაზპრომი" დაუტოვებს საქართველოს სომხეთში გაზის ტრანზიტისათვის. ამაშია სწორედ ორმხრივი ფინანსური დაინტერესება, რაც დახურული სქემების მიხედვით წარიმართება.
ცნობისათვის: სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსოილის" დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს კომპანია "ბათუმი-ტერმინალ ლიმიტედი", ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საწარმო, რომელიც 2008 წლიდან ყაზახეთს ეკუთვნის.
ბათუმის ნავთობის ტერმინალი ითვლება სისტემაწარმომქმნელ საწარმოდ, ისევე როგორც თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი "თბილგაზი", რომელიც ასევე ეკუთვნის ყაზახურ "ყაზტრანსგაზთბილისს", ენერგეტიკული გიგანტის - "ყაზმუნაიგაზის" შვილობილ კომპანიას.