
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ აფართოებს იმ კონტენტის სიას, რომელთა გამოქვეყნება აკრძალვას დაექვემდებარება. „ფეისბუქის“ შესაბამის მოდულზე ინფორმაცია უკვე განახლებულია.
ახალი წესების თანახმად, „ფეისბუქზე“ აკრძალულია სქესობრივი აქტის სიტყვიერი აღწერის გამოქვეყნება, ასევე ფოტოებისა, სადაც გამოსახულია ქალი შიშველი მკერდით, იმ შემთხვევების გარდა, როცა ფოტო ძუძუთი კვებას ეხება, ასევე ფოტოები, „რომლებიც ღიად ფოკუსირებულია შიშველ დუნდულებზე“.
ადრე აკრძალული იყო პორნოგრაფიისა და „ნებისმიერი ღიად სექსუალური მასალის ატვირთვა, რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვანებთან“, ასევე იზღუდებოდა სიშიშვლის ტირაჟირება.
სოციალურ ქსელში აკრძალულია ისეთი ორგანიზაციის საქმიანობის ტირაჟირება, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, კრიმინალთან, ასევე რასობრივი, რელიგიური თუ გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებთან, ამასთან, აკრძალულია მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერაც. ზიზღის გამოხატვა აქამდეც იყო აკრძალული, თუმცა, ხაზგასმული იყო, რომ „ფეისბუქში ხედავენ განსხვავებას სერიოზულ გამონათქვამებსა და ხუმრობას შორის“.
კომპანიამ ასევე გაასაჯაროვა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მოთხოვნების სტატისტიკა, მომხმარებლის მონაცემების გადაცემის შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის მეორე ნახევარში მოთხოვნამ წინა წელთან შედარებით იკლო. აშშ-მა 14 274 მოთხოვნა გაგზავნა, რომლითაც 21 732 აქაუნთის მონაცემები მოითხოვა. აქედან 79,14%-ზე „ფეისბუქმა“ მონაცემები გასცა.
რუსულმა სპეცსამსახურებმა 6 თვის განმავლობაში „ფეისბუქს“ ორი აქაუნთის მონაცემების გადაცემის მოთხოვნა გაუგზავნეს, თუმცა, კომპანიამ ისინი არ დააკმაყოფილა. იმ პუბლიკაციების რაოდენობამ, რომელთა ბლოკირება „როსკომნადზორმა“ (კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) რუსულენოვანი მომხმარებლებისთვის მოითხოვა, 55 შეადგინა.
2014 წლის მონაცემებით, “ფეისბუქის“ ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 18%-ით გაიზარდა და 890 მილიონ ადამიანს მიაღწია. 2014 წლის ოქტომბერში კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 1,35 მილიარდი ადამიანი თუნდაც თვეში ერთხელ მაინც შედის „ფეისბუქზე“.
კომპანიის შემოსავალმა 2013 წელს 7, 872 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს ის 58%-ით გაიზარდა და 12,466 მილიარდი გახდა.