
ელდარ შენგელაიას უკვდავი „ცისფერი მთები" სექციაში „Cannes Classics 2014" საგანგებოდ იქნება ნაჩვენები, როგორც ქართული კინემატოგრაფის შედევრი. ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება.
ამ სექციის საპატიო სტუმარი წელს კანში სოფი ლორენია. „ცისფერი მთების" ორიგინალი ნეგატივიდან ექსკლუზიურად აღდგენილი - ციფრული ვერსია იქნება წარმოდგენილი. (ორიგინალი „გოსფილმფონდში" ინახება.)
რესტავრაცია საგანგებოდ საფესტივალო ჩვენებისთვის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
კანის ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება ასევე სერგო ფარაჯანოვის "ბროწეულის ფერი." ("SAYAT NOVA").
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები".
ათწუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი - აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება გაიმართება 23 მაისს.