
სახელმწიფო სიმბოლოს - რუსეთის დროშის დაწვას დასჯად ქმედებად მიიჩნევს და ამ აქციის მონაწილეთა დასჯას ითხოვს ფესტივალ „თეთრი თოლიას“ ორგანიზატორი დარეჯან გეფერიძე.
მისი თქმით, რცხვენია, რომ ეს ფაქტი ფოთში მოხდა და დროშის დაწვას უვიცობას უწოდებს.
განცხადება დარეჯან გეფარიძემ გუშინ ღამით, ტელეკომპანია „მეცხრე ტალღისთვის“ გააკეთა.
„ამ აქციის ორგანიზატორი ვინც იყო, მოსულიყო ჩემთან და ეკითხა, რატომ არის ეს დროშა და ეთქვა, რომ არ გვინდაო... მე ვეტყოდი, რომ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოდის, რომელსაც მასწავლებელი მოჰყვება. გამახსენდა „ჯარისკაცის მამა“ და, მე მგონი, ანალოგიური მეორდება, ჩვენ ხომ ფაშისტები არა ვართ, კულტურა, სპორტი, ეს ისაა, რაც შეკრავს.
ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, ხალხო, ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ხალხი და მშვიდობა დავამყაროთ ამ ქვეყანაზე, ოღონდ გვაცალონ ეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც თამაშობენ და ხელს გვიშლიან ჩვენ, რომლებსაც ჩვენი მხრებით გაგვაქვს საქარტველოს სახელი მის ფარგლებს გარეთ. მათ, შეიძლება, დღეს რუსეთის დროშა დაწვან და ხვალ წავიდნენ და ბიზნესი გააკეთონ რუსეთში - დარწმუნებული ვარ ამაში. მე მრცხვენია ამ ფაქტის გამო, ვნერვიულობ, რომ ეს ჩემს ქალაქში მოხდა და არ მინდა, რომ მათ გაიგონ და ამას სხვა რამე მოჰყვეს არასასიამოვნო...
მე მინდა, თვალებში ჩამხედონ მათ, ვინც ეს გააკეთა. ჩამხედონ მე, დარეჯან გეფარიძეს. ეს მე გამიკეთეს, ჩემს ქალაქს გაუკეთეს, ჩემს ბავშვებს გაუკეთეს... ისინი ხომ ჩვენი ქალაქის სტუმრები არიან. ეს არის უვიცობა, ასე შევაფასებდი“, - უთხრა გეფერიძემ ტელეკომპანია „მეცხრე ტალღას“.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე გამოფენილი რუსეთის სახელმწიფო დროშის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა, ფოთის ქუჩებში სპონტანურად დაგეგმილი აქციის მონაწილეები, „თავისუფალი ზონის“ წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები გამოჩნდნენ, რომლებმაც რუსეთის დროშის ჩამოხსნა ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც ჭოკს ნაჭერი შემოახვიეს, ბენზინით დაასველეს, ნაჭერს ცეცხლი წაუკიდეს და რუსეთის სახელმწიფო დროშას ნიაზ დიასამიძის სიმღერის „საქართველოს გაუმარჯოს“ ფონზე ცეცხლი შეუნთეს.
რუსეთის დროშის დაწვის პროცესს თვალყურს ადევნებდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. სამართალდამცველები მოვლენების მსვლელობაში არ ჩარეულან და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ დროშის დაწვის შემდეგ მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს.