
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ რუსეთმა, საბოლოოდ, ნიღაბი ჩამოიხსნა. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან „გრადს“ უშენს უკრაინას, ამავე დროს აგზავნის იქ სამხედრო მოსამსახურეებს.
მისი განცხადებით, სრულიად უადგილოა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლების განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც მოხალისეებთან ერთად იმყოფებიან, შვებულებაში არიან:
„რუსი ჯარისკაცი შვებულების დროსაც არმიის ნაწილია, ჯავშანტრანსპორტიორი კი მისი პირადი ავტომობილი არ არის“, - განაცხადა სამანტა პაუერმა. მისივე თქმით, რუსეთის მიმართ უმოქმედობა ამ მოცემულობაში საფრთხეს უქმნის მის უახლოეს მეზობელ ქვეყნებსაც.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ, მოგვისმინოს“, - განაცხადა სამანტა პაუერმა.
თავის მხრივ, გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში წარმოქმნილი კრიზისი კიევის გაუაზრებელი პოლიტიკის პირდაპირი და თვალნათელი შედეგია. მისი ტქმით, უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, იკრძალება ხელისუფლებისთვის მიუღებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ორგანიზაციები.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.