
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები შევიდნენ - უკრაინის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან.
არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ბოევიკების მიერ დაკავებული სასაზღვრო პუნქტებიდან უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორისგან შექმნილი კოლონა შეიჭრა.
სამი ტანკი და ორი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლებშიც ბოევიკები იყვნენ გადანაწილებულნი, დონეცკში მაკეევკის მხრიდან შევიდა. სამხედრო ტექნიკაზე და ავტომანქანებზე რუსეთის სახელმწიფო დროშა იყო გადმოფენილი.
მანამდე კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია რუსული ტანკი Т-72 ლუგანსკის ოლქის ქალაქ სნეჟნოეში. დიმიტრი ტიმჩუკი (წინააღმდეგობის ცენტრის დამფუძნებელი) წერს, რომ ამ სახის ტანკები უკვე ამოღებულია უკრაინის შეიარაღებიდან, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ისინი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინულ არმიას გამოეყენებინა.