
9 მაისს სანკტ-პეტერბურგიდან კიდევ ერთმა მოტოგარბენმა აიღო სტარტი, რომლის მონაწილეები აპირებენ მოიარონ ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნები და გარბენი ბიშკეკში დაასრულონ.
ამჯერად რუსი მოტოციკლისტების მიზანია, მთელი სსრ კავშირის ყოფილი შემადგენლობის მოვლა ხსოვნის მარადიული ცეცხლით. მოტოგარბენის სტარტი სანკტ-პეტერბურგიდან სიმბოლურად დაიწყო - ამით ლენინგრადის ბლოკადის დროს დაღუპულებს მიაგეს პატივი.
იმ ტერიტორიების ჩამონათვალში, რომელიც ბაიკერებმა ამჯერად უნდა მოაიარონ, საქართველოც შედის. ამასთან, რუსული პრესა წერს, რომ „გვარდიულ ლენტებს“ (იგივე „გეორგიევსკაია ლენტა“) ვეღარავინ შეურაცხყოფს, რადგან ამაზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ აიღო თავის თავზე. ამის დასტურად გამოცემა 9 მაისს იმ პირების დაკავებას ასახელებს, რომლებმაც ვაკის პარკში მისულ მოქალაქეებს „გეორგიევსკის ლენტები“ ჩამოხიეს.
შეგახსენებთ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „შსს-ს მუშაობის შედეგად“ 9 მაისს რუსი ბაიკერები ხელისუფლებამ ლენტებისა და მოტოციკლების გარეშე პარკში მისვლაზე დაითანხმა. „მათ მოტოციკლები სხვაგან დააყენეს, ლენტების გარეშე მოვიდნენ და სეირნობენ ვაკის პარკში“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ახალ მოტოგარბენთან და მის მარშრუტად საქართველოს მითითებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და სამართალდამცველების პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.