
რადიოსადგური „გოვორიტ მოსკვა“ ვებგვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილთან ირაკლი ქანთარიასთან, რომელმაც „თავისუფალი ზონის“ სხვა წევრებთან ერთად თბილისში რუსი ბაიკერები აიძულა, „გეორგიევსკის ლენტები“ დაეჭრათ.
ირაკლი ქანთარია ამბობს, რომ ის ამაყობს ბაბუამისის ძმის როლით ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში, აცხადებს, რომ ის, ნებსით თუ უნებლიედ, იბრძოდა სსრ კავშირის არმიის შემადგენლობაში, მაგრამ რუსეთმა მას და ათასობით სხვა ადამიანს აფხაზეთიდან გამოდევნით, საკუთარი სახლ-კარის წართმევით დაუფასა გმირობა.
შეკითხვაზე, რა საწინააღმდეგო აქვს „გეორგიევსკის ლენტებთან“, ირაკლი ქანთარია ამბობს, რომ ეს ლენტები ოკუპაციის სიმბოლოა, რადგან ასახავს არა ბოროტზე გამარჯვებას ზოგადად, არამედ რუსეთის სიძლიერეს ისეთ ქვეყნებზე ძალადობისას, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო.
ირაკლი ქანთარიას თქმით, არც მას და არც მის მეგობრებს პირადად არფერი აქვთ არც ბაიკერების და არც კეთილმეზობლურად განწყობილი რუსების საწინააღმდეგო, რომლებიც საქართველოში შემოდიან, მაგრამ „გეორგიევსკის ლენტებით“ გადაადგილება იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
შეკითხვაზე, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოუწონებდა თუ არა მის ნაბიჯს ირაკლის მელიტონ ქანთარია, ირაკლი პასუხობს:
„სამწუხაროდ, მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა მელიტონ ქანთარია გარდაიცვალა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ის მოიწონებდა ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნებოდა საქართველოს ერთიანობის აღსადგენად და ოკუპაციის წინააღმდეგ. „გეორგიევსკის ლენტთან“ დაკავშირებულ საკითხსაც სწორედ ასე განვიხილავ“.
კორესპონდენტი დაინტერესდა, არის თუ არა ნამყოფი ირაკლი რუსეთში და უნახავს თუ არა, როგორ ზეიმობენ იქ ვეტერანები, როგორ აერთიანებს ყველას გამარჯვების დღე. ირაკლი ქანთარია პასუხობს, რომ რუსეთში ნაყოფი არ არის და სიამოვნებით ჩავა იქ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, ხოლო რუსი ოკუპანტები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას:
„როცა რუსეთი შეწყვეტს საქართველოს მიმართ ზემოდან ყურებას, როცა მოხდება დეოკუპაცია და რუსეთი აღიარებს, რომ საქართველოსთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უნდა დაამყაროს, როცა კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება, პირადად მე მზად ვარ, რუსეთში ჩავიდე და გამარჯვების დღე იქ ვიზეიმო.
ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლდ იმ შემთხვევაში, როცა რუსეთი შეწყვეტს ძალის დემონსტრირებას საქართველოს მიმართ, გაიყვანს ჯარებს ქვეყნიდან და იმოქმედებს იმ საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, რაც შესაბამისია ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. ჩემი აზრით, ამის შემდეგ შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა და ნორმალური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი“.