
25 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლონეთის ქართული დიასპორისა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, იგეგმება საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანი საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში წვლილის შეტანაა.
პროექტის ორგანიზატორი ორგანიზაცია „მზის შვილები“ და მისი ხელმძღვანელი ინგა ლოლაძეა. საინფორმაციო პორტალი ,,კვირა“ პოლონეთის ქართული დიასპორის თხოვნით აღნიშნული საქველმოქმედო პროექტის თანაორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა. სააგენტო შესაძლებლობის ფარგლებში, პროექტის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოდან ჩაერთვება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დიზაინერების, ზალიკო ბერგერის და ანა ჩანგიანის კოლექციის ჩვენება, ასევე ანა ჩანგიანის მიერ შექმნილი თექით დამზადებული სხვადასხვა სახის სამოსის და აქსესუარების შოუ-რუმის გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ და კოლექციას წარადგენენ პოლონული შოუ-ბიზნესის წრის ცნობილი ქალბატონები. მათ შორის:
იოანნა შჩეპკოვსკა - თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, 60 წლის. მან თავად გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო ჩვენებაში, მსახიობები - ჰანნა კონაროვსკა და მარია კონაროვსკა, მომღერალი და მსახიობი ნატალია ლეში, ის საქართველოს საპატიო მოქალაქეა, ასევე მსახიობი კატარჟინა პაკოსინსკა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული ჩვენს ქვეყანაზე. მას საქართველოზე წიგნიც აქვს დაწერილი, რომლის სახელწოდებაცაა – “გეორგიალიკი”.
ღონისძიება გაიმართება ვარშავაში, საქართველოს საელჩოს შენობაში და დაესწრებიან პოლონეთში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნების ელჩების მეუღლეები. ხოლო შოუ-რუმი ვარშავის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „პრომენადას“ შენობაში გაიხსნება.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას მოხმარდება.
შეგახსენებთ, საქართველოში მსგავსი ცენტრი ჯერჯერობით არ არსებობს.
სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად ბანკ „რესპუბლიკაში“ გახსნილია ანგარიშის ნომერი - GE45BR0000010030962542
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ხოსიტაშვილი - +(995) 551 74 23 23