
მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენსდღევანდელ დღეს! ვხედავდი
სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:
– ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?
ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით
ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს.
შენ მე არ მიცნობ ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი
არასოდეს მიამბია. ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა,
ლონდონის ღატაკთა კვარტალებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი
ზღაპარი!....ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო.
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია,
შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.
მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე, ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე
არ მიყვარს მორჩილი შვილები.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და
ჩემს საფლავზე მოხვიდე.
ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი
სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო
მამაშენი ჩარლი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი.
ჩარლი და ჯერალდინა
მარიამ ნებიერიძე