
2 აპრილს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის მე-12
ეროვნული კონკურს-ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავების” საზეიმო დასკვნითი გალა-კონცერტი და
დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას საქართველოს ასამდე ქალაქის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის და
სასწავლებლის განსაკუთრებით წარმატებული ნორჩი ნიჭიერი მუსიკოსები იღებენ, რომელთაც შესარჩევ
ტურებზე ცნობილი მუსიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორები: ნინო ქათამაძე, მერი ჟვანია, ქეთევან თუშმალიშვილი,
კომპოზიტორები: ნუნუ გაბუნია, რუსუდან ხორავა, ფოლკლორისტი მაია მიქაბერიძე და ხელოვანთა
კავშირის თ-რე ნინო კუპატაძე.
ნომინანტებს და პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცემათ ფულადი პრემიები, “ბარამბოს”
პრიზები, HAPPY FLOWER ის თაიგულები და სტიპენდიები. პრიზიორთა შორის საუკეთესოები მაისსა და
ივლისში გაემგზავრებიან ხელოვანთა კავშირის საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთსა და იტალიაში,
დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანში ორკესტრთან ერთად დაგეგმილ კონკურსში, ხოლო
ნოემბერში ბათუმში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავენ ბახის მუსიკის ფესტივალზე.
პროექტი უკვე მე-12 წელია ახორციელებს კლასიკური მუსიკის მასშტაბურ პროექტებს საქართველოსა და მის
ფარგლებს გარეთ და ზრუნავს ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაზე.
კლასიკური მუსიკის კონკურსს და “ხელოვანთა კავშირს” ხელმძღვანელობს მუსიკოსი, პიანისტი ნინო
კუპატაძე.
მარიამ ნებიერიძე