-
2016-02-16 21:21
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაბიჯი ზუგდიდი" დაფუძნდა 2015 წელს. ორგანიზაციის მიზანია ქალაქ ზუგდიდსა და მის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და მოზარდებისთვის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო-პირობების შექმნა.
დღის ცენტრისთვის გამოყოფილი შენობა მდებარეობს აფხაზეთთან, ენგურისპირა ზოლში და საქმიანობა ორიენტირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ ბავშვებზეც.
არსებული ფართი არ არის გარემონტებული და შესაბამისად, დღის ცენტრის ფუნქციონირება შეფერხებულია. სწორედ ამიტომ, ცენტრმა გადაწყვიტა ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემაზე საზოგადოების დახმარებით 14 მარტს გამართოს აქცია- კონცერტი, სადაც მოეწყობა ცნობილი ადამიანების, საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დღის ცენტრის სარემონტო სამუშაოებს. საღამოს წამყვანები სალომე გოგიაშვილი და გოდერძი შარაშია იქნებიან.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური კვარტეტი, ელენე ფოჩხუა, გიორგი სუხიტაშვილი, ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია და სხვები.
აქცია-კონცერტი გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დასწრება თავისუფალია.
მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრებითა და ადამიანური რესურსის გამოყენებით დაიწყეს დღის ცენტრისთვის გამოყოფილი შენობის შეკეთება, თუმცა, სასურველ კონდიციამდე მისაყვანად ეს საკმარისი არ არის.


