-
2014-09-18 23:33
თბილისის ზოოპარკის ბინადარი, 6 ტონა მასის სპილო გრანდი, რომელსაც 10 საათიანი ოპერაცია დასჭირდა და ნარკოზის მოქმედების გამო ეძინა, ნარკოზიდან გამოიყვანეს. ცხოველი უკვე ფეხზე წამოდგა.
შეგახსენებთ, რომ მწოლიარე მდგომარეობაში დიდხანს დარჩენის გამო სპილოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, თბილისის ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერდა:
“ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს, ანუ სპილო თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს.
ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში.
დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, უამრავი ადამიანი გვწერს, გვთავაზობენ დახმარებას და ეს ჩვენთვის ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ძალა დაგვჭირდა, მაშინვე შეგატყობინებთ ჩვენი გვერდის საშუალებით“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
სპილოს ყბის ძვალთან საგანგაშოდ ახლოს მდებარე ეშვები ჰქონდა მოტეხილი. ეშვების ამოსაღებად ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. სპილოს ნარკოზიდან გამოყვანისა და წამოდგომის მეთოდების შემუშავებაში ინგლისელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართული.

