-
2014-09-17 21:36
თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელობი არ მიუღია. პირველკლასელთა ნაწილს სახელმძღვანელოების გარდა ასევე არ დარიგებიათ ნეტბუკები.
როგორც ,,აფხაზეთის ხმას“ თბილისის 161–ე სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის მშობლებმა უთხრა, კონკრეტულად მათ სკოლაში ბავშვები სასკოლო ინვენტარის გარეშე დარჩნენ.
სკოლის მოსწავლეების მშობლები განათლების მინისტრს სთხოვენ მიაწოდოს ინფორმაცია რატომ არ დარიგდა სასკოლო სახელმძღვანელოები და ,,ბუკები“, ან როდის დარიგდება ისინი.
"ქალბატონო თამარ, მესამე დღეა სასწავლო წელი დაიწყო და პირველკლასელებს არაერთ სკოლაში სახელმძღვანელოები არ მიუღიათ.
არაფერს ვამბობ "ბუქებზე". როდის მიიღებენ პირველკლასელები სახელმძღვანელოებს?! არადა, კარგად მახსოვს განცხადებები, რომ ახალ სასწავლო წელს პირველკლასელები უფრო კომფორტულად და კომპაქტური სახელმძღვანელოებით შეხვდებოდნენ. მოსწავლეები 15 სექტემბერს სახელმძღვანელოებს ელოდებოდნენ, რომელიც დღემდე არ მიუღიათ. არაფერს ვამბობ ახალ სახელმძღვანელოებზე, ძველიც კი არ აქვთ! თუ ინფორმაციას არ ფლობთ, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, თუ ფლობთ, ისიც გეცოდინებათ, როდის აპირებს სამინისტრო სკოლების წიგნებით შევსებას,“– მიმართავს მინისტრს ერთ–ერთი მშობელი.
როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა ,,აფხაზეთის ხმას“ განუცხადა, ამ დროისთვის ყველა სკოლაში მიტანილია ,როგორც სახელმძღვანელოები ასევე ნეტბუქები. მისი ინფორმაციით, ნეტბუქების დარიგება იმიტომ შეფერხდა, რომ გარკვეული ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ახალ ბუქებს. ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა ბავშვისთვისა გაცემულია საჭირო სასკოლო ინვენტარი.
,,ნეტბუქებიც და სახელმძღვანელოებიც ყველა სკოლაში დარიგებულია. იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემა ბუქებთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოიფხვრა. 16 სექტემბერს უკვე ყველა საჯარო სკოლაში სრულად მიტანილია წიგნებიც და ნეტბუქებიც. თუკი რომელიმე სკოლაში, რომელიმე მოსწავლეს არ დაურიგდა სასკოლო ინვენტარი, მათ დირექციას უნდა მიმართონ ,“– უთხრა აფხაზეთის ხმას“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.