
ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესეს კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს.
ამ თემაზე გასულ ვიდეოსიუჟეტებში ფიგურირებს ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ჟუჟუნა კალაძე, რომლის გამონათქვამმაც „დაკვლისას გოჭი ძალიან საყვარლად ჭყიოდა" - იგი პოპულარული გახადა.
„ღორი მე არ დამიკლავს და ვინ დაკლა, ისიც არ ვიცი. ეს არის შემოგდებული პროვოკაცია. ჩვენ წავედით იქ გზის გადასაკეტად და ველოდით ხალხს, აქციის მონაწილეებს. იქ შევყოვნდით კარგა ხანი და ამ დროს დაუკლავთ ის გოჭი და თავი ჩამოუკიდიათ.
დაკლული გოჭი რომ დაინახა ჟურნალისტმა, აუტყდა სიცილი და მეც ავყევი, მერე ვთქვი ის, რაც ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ ისე გაავრცელეს, თითქოს ჩვენმა ბიჭებმა დაკლეს ღორი, არადა მე ვთქვი – ვაიმე, ახლა ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ-მეთქი, მაგრამ ეს ნათქვამი არ გაუშვეს.
ეგენი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თვითონ იწყებენ ყველაფერ აგრესიას, გვაგინებენ მკვდარს და ცოცხალს, გვლანძღავენ და ჩვენსკენ იშვერენ ხელს, მერე რეკავენ პოლიციაში და ეუბნებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენო.
„გოჭი საყვარლად ჭყიოდა"-მეთქი ხუმრობით ვთქვი და ბევრიც ვიცინე ამ ნათქვამზე. ჩვენ იმ ადგილას, სადაც მედრესეს აშენებენ, გვინდოდა, აშენებულიყო საბავშვო სახლი. მაგათგანაა შემოგდებული ეს ყველაფერი პროვოკაციისათვის. არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ იქ ცოცხალი ღორებიც გაუშვან და მერე ჩვენ დაგვაბრალონ, არც ის გამიკვირდება, რომ ის გოჭის თავიც თვითონ ჩამოეკიდათ.
6 სექტემბერს მოვიდნენ ვიღაც მამაკაცები მანქანით და მათ ახლდათ ქალი, რომელიც გამოვარდა ჩემსკენ, მიყვიროდა - შენ არ გინდა ჯამეს გახსნაო?! აწია ფეხი, რომ ჩემს ეზოში გადმომხტარიყო, თან ყვიროდა თმებით გათრევო. მერე მითხრა, ჩემი ქმარი არის მუსტაფა და მოგიყვან, რომ იმასთან დაწვე, თორემ კაცი გაკლიაო, მუსტაფა კიდე ისეთ დღეში ჩაგაგდებს, ერთი თვე ფეხზე ვერ დადგებიო.. მეზობლები გამოცვივდნენ და ხელიდან გამომგლიჯეს იმ ქალს. იმ ქალმა მერე მამაკაცივით აგინა სხვა მეზობლებს.
მაგ მედრესეს და ჩემ სახლს ყოფს ნახევარმეტრიანი კაპიტალური ღობე და მაგიტომ ამომიჩემეს მე.
პოლიცია რომ გამოიძახეს და მკითხა გვარი, მაშინ ვუთხარ ყოველთვის კალაძე ვიყავი და ახლაც ვარ-მეთქი. ჯერ ვთქვი, მე საქართველო მქვია-მეთქი. ესეც მასხრობით ვთქვი, რადგან მიყვარს იუმორი. მერე გვარი მკითხეს და ვუთხარი ქრისტიანი მორწმუნე ვარ-მეთქი, მაგრამ მერე ხალხისგან გაიგეს, კალაძეაო და მაგათ თვითონ მოიგონეს ვითომ კახი კალაძის მამიდობას ვიბრალებდე,“ - აღნიშნა ჟუჟუნა კალაძემ.
„კვირის პალიტრა“