
როგორც „ალია“ წერს, ამ 10 დღეში, „სითი პარკმა“ დაახლოებით 15 000-მდე ავტომობილი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან უნამუსოდ ამოცლილი 15 000 ლარია.
„სითი პარკის“ პარკირების საშვი, მოგეხსენებათ, ავტომობილების ნომრების მიხედვით არის გაცემული.
ეს ის ფასიანი საშვებია, რომლებშიც მოქალაქეები ფულს იმიტომ იხდიან, რომ მერიის კონტრაქტორი კომპანია მათ მოემსახუროთ და არა ჯოჯოხეთი მოუწყოს ყოველდღე. ნომრების შეცვლაც „სითი პარკმა“ სათავისოდ გამოიყენა.
რადგანაც ავტომობილების ახალი ნომრები ძველის ნაცვლად ამ კამპანიის ბაზარში არ არის დარეგისტრირებული, ყველა ახალნომრიანი მანქანა, რომელიც სადგომზე მოიხელთეს, 10 ლარით დააჯარიმეს. უხეში გათვლებით, ამ 10 დღეში, „სითი პარკმა“ შესაძლოა, 15 000-მდე ავტომობილი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან უნამუსოდ ამოცლილი 15 000 ლარია.
ხალხი რომ აღშფოთდა, „სითი პარკში“ მიხვდნენ, რომ ძალიან უნამუსოდ იქცეოდნენ და 10 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელეს, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით პარკირების საშვი ახალ ნომრებზე გადაიტანეთ, ამისთვის საჭიროა მიაკითხონ „სითი პარკის“ სერვისცენტრს კანდელაკის 47 ნომერში და წარმოადგინეთ ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომ ჩააბარეთ ძველი სახელმწიფო ნომრები და ახალი აიღეთ.
ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პარკირების საშვის გადატანაო ის ხალხი, ვინც დააჯარიმეს, არაფერ შუაშია, „სითი პარკმა“ ავტომფლობელები დროულად არ გააფრთხილა და ეს არის ყველაფრის მიზეზი. მაინტერესებს, ეს უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მძღოლები რომ მიადგენ „სითი პარკს“, იმ ჯარიმას, 10 ლარს უკან დაუბრუნებენ, ვისაც გადახდილი აქვს?
ანდა, ვისაც ჯერ არ გადაუხდია, მათ გაუბათილებენ ამ საჯარიმო ქვითარს? წესით, თუ ჭკუა აქვთ „სითი პარკის“ მესვეურთ, ასეც უნდა მოიქცნენ.
ხალხი უკვე ისეთ დღეშია, იმდენად გამწარებულია ამ კამპანიის თავხედური საქციელით, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ოფისში შეუვარდნენ და მათ უფროსობა კინწისკვრით გამოყარონ გარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს „ნოვაცია“, ეს 10-ლარიანი ჯარიმები აღმოჩნდეს ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში“, - წერს „ალია“.