-
2014-09-11 02:05
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.
შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.
მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე „ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე კი მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.
მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.
მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას სულ 2819 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.
