-
2014-09-09 14:03
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, სიახლეები ძალაში ეტაპობრივად შევა, ხოლო სანქციების ოდენობა დანაგვიანება-დაბინძურების მიხედვით იქნება.
„გარემოს დანაგვიანება შესაძლოა იყოს ქაღალდის გადაგდება, მაგრამ გარემოს დაბინძურებად ითვლება მავნე ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურება, რასაც ბევრად უფრო მძიმე შედეგი მოაქვს.
ახალი კანონით, ეს ორი რამ, ანუ ნაგავი და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები, ერთმანეთისგანაა გამიჯნული. თითოეული სახეობის დანაგვიანებისთვის, ან დაბინძურებისთვის სხვადასხვა სახის სანქცია და ადეკვატური ჯარიმაა დადგენილი.
ანუ განსხვავებული მიდგომა ამოქმედდება – მაგალითად, გარემოში აკუმულატორის სითხის, ზეთების დაღვრისთვის, ორ კილომდე ნაგვის გადაგდებისთვის და ა.შ. აღსრულება სამ სახელმწიფო ინსტიტუტს დევალება, ესენია: ადგილობრივი თვითმართველობა, შს სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი.
თუ ინსპექტორი წაასწრებს, დავუშვათ, მანქანიდან ნაგვის გადაგდების ფაქტს, შეადგენს შესაბამის ოქმს და დაჯარიმდება კანონდამრღვევი. თუ საპატრულო პოლიცია შეესწრება მსგავს ფაქტს, მას ექნება უფლებამოსილება, ეს განახორციელოს. დაჯარიმდება ფეხით მოსიარულე, რომელიც კილომდე ნაგავს გადააგდებს მანქანიდან, საცხოვრებელი კორპუსიდან, ან მიატოვებს ნაგავს, ასევე ცხოველის მეპატრონე, რომელიც ქალაქში გაატარებს თავის ცხოველს და ფეკალური მასებით დააბინძურებს.
ჯერ ვერ დავაკონკრეტებ ჯარიმების რაოდენობას, მაგრამ სანქციების ოდენობა მერყეობს დანაგვიანება-დაბინძურების მიხედვით. ისე კი, ჯარიმის ოდენობა იქნება ორი ციფრიდან ზემოთ. კანონპროექტი თვის ბოლოს შევა პარლამენტში. სიახლეები ძალაში შევა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად“, - აცხადებს ბითაძე „ალიასთან“ საუბრისას.