
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სამინისტროს ინიციატივას წამლების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით, სააფთიაქო ქსელში გარკვეული დაბნეულობა მოჰყვა.
„თუ ადრე კერძო სადაზღვევო კომპანიები იყვნენ შუალედური რგოლები, ახლა პირდაპირ მყარდება კავშირი სახელმწიფოსა და მომხმარებელს შორის. ყველა გადმოვიდა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.
ერთ-ერთი მთავარი დადებითი მოვლენა არის ის, რომ არჩევანის თავისუფლება გეძლევათ. საყოველთაო დაზღვევით, ყველა მოქალაქეს შეუძლია, ამოირჩიოს სტაციონარი, რომელსაც მიმართავს. ვიზიტი ოჯახის ექიმთან, ავადობის შემთხვევაში, არის უფასო, ფულს არ იხდით და ეს შესაძლებელია იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ. თუ თქვენ ხართ ავად, რამდენჯერაც გჭირდებათ, იმდენჯერ მიხვალთ ოჯახის ექიმთან, ამაში პოლიკლინიკა იღებს თანხას სახელმწიფოსგან, ხოლო პაციენტისთვის იქნება უფასო…
სასწრაფოს ექიმს ადგილზე რეცეპტის გამოწერის უფლება არ აქვს, მას აქვს მთელი ნაკრები მედიკამენტებისა, რომლითაც შეუძლია დახმარების აღმოჩენა ავადმყოფებისთვის, იქვე ჩაუტარებს პირველად მკურნალობას. თუ გადასაყვანია სტაციონარში, უნდა გადაიყვანოს, თუ არადა, უნდა მისცეს რეკომენდაცია, ნახოს უბნის ექიმმა. თუ არ შეუძლია პირადად მივიდეს მასთან, მაშინ უბნის ექიმი თავად მივა და ადგილზე გასინჯავს...
ეს გადაწყვეტილება მომენტალურად არ მიგვიღია. ჩვენ არ დაგვრჩენია არანაირი მხარე, ვისთანაც არ გვქონდა შეხვედრა ამ თემაზე. დღესაც მოქმედებს სამინისტროში ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან ტრენინგებს ატარებს, რათა გაუგებრობები არ იყოს. ყველა სამედიცინო დაწესებულებას მივამაგრეთ ადამიანები, რომ რიგები არ იყოს. მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს.
გარწმუნებთ, რომ აფთიაქებში მედიკამენტების არანაირი კრიზისი არ არის და არც მოხდება. რამდენიმე მედიკამენტზე არის დეფიციტი, რადგან ის ზოგიერთ აფთიაქში აღარ არის, მაგრამ სხვა ფილიალში შეიძლება მისი შეძენა. დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგალითად პრეპარატ „ნიმესილზე“. მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე შემოტანილია საქართველოში და ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის საწყობშია. ვერ ასწრებენ მის განაწილებას უცებ და ამიტომ არის შეფერხება.
ისე, სიტყვას მოჰყვა და სულაც არ არის „ნიმესილი“ უსაფრთხო პრეპარატი, ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს და ზოგ ქვეყანაში შეჩერებულია მისი რეალიზაცია, მაგრამ საქართველოში პოპულარულია, ეფექტურია. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული პრობლემები არ იქნება და აჟიოტაჟიც ჩაცხრება, რადგან სიახლეა, არსებობს დაბნეულობა“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
„ალია“