
დარიალის ხეობაში ორჯერ მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ საზოგადოებაში პანიკის საფუძველი გააჩინა.
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკაკი გასვიანის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში 9-ბალიანი მწისძვრებია მოსალოდნელი და მალე თბილისი სასაფლაოდ გადაიქცევა, საზოგადოების შიში კიდევ უფრო გაამძაფრა.
თუმცა სპეციალისტები გასვიანის განცხადებას არ ეთანხმებიან. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გასვიანი ამბობს, რომ მას მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთების საშუალებას მეცნიერ თამაზ ჭელიძის ინტერვიუ აძლევს, თუმცა თამაზ ჭელიძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინტერვიუ ბუნებაში არ არსებობს.
„კატეგორიულად უარვყოფ მაგ ინფორმაციას, თითქოს თბილისში მასობრივი მიწისძვრებია მოსალოდნელი, მიწისძვრების პროგნოზი სამწუხაროდ, შეუძლებელია, 9-ბალიანი მიწისძვრის ალბათობა მხოლოდ კავკასიონის ქედზე არსებობს.
შესაძლოა, კავკასიონის ქედზე მოხდეს 9 ბალიანი მიწისძვრა 2500 წლის განმავლობაში. ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, მხოლოდ ავანტურაა.
ჰესებს რაც შეეხება, ჰესების მშენებლობა პროგნოზირებული მიწისძვრების მაგნიტუდას არ აღემატება. დარიალის ხეობის ჩამონგრევა პირველად არ მოხდა, ეს რეგულარულად ხდებოდა. მაღალი მთებია, დახრაა, სამწუხაროდ არ ვიცით ჯერ, გლობალური დათბობის, თუ რის გამო ხდება ეს.
ყველა მთიან რეგიონში ყოველთვის არის მეწყერის და ზვავების საშიშროება, ღვარცოფების განსაკუთრებით. კატასტრფული არაფერია. გლობალური დათბობა ააქტიურებს ასეთ პროცესებს. ამიტომ საჭიროა კვლევები, გამაფრთხილებელი მოწყობილობების დაყენება. ერთი ვარიანტი კვლევის გაკეთებული გვაქვს. კატასტროფა და ვულკანური ამოფრქვევა, ფანტაზიის ნაყოფია.
თბილისი არაა მაღალ მთებში და ამის საშიშროება არ არის, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მოსუსტებულია გრუნტი, მაგალითად მთაწმინდაზე, სადაც მთა ჩამოზვავდა რამდენიმე წლის წინ,“ -აღნიშნა თამაზ ჭელიძემ.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ 9-ბალიანი მიწისძვრების განსაზღვრა რომ შეეძლოს კაცობრიობას, წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა.
„ეს ცრუ განგაშია, მიწისძვრა აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის, სად და რამდენი მაგნიტუდით, არავინ იცის. მისი დროის განსაზღვრა არავის შეუძლია. მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთება, პანიკის თესვა, პროვოკაცია და ყველანაირ საფუძველს მოკლებული აზრია.
მიწისძვრის გამოწვევა არასერიოზული თემაა. როდესაც მსგავს საკითხებზე ხდება მსჯელობა, პროფესიონალების აზრს უნდა დავეყრდნოთ და არა მჭერმეტყველებს. რა თქმა უნდა, მშენებლობები ისეთი მყარი და მდგრადი უნდა იყოს, რომ კატასტროფებს გაუძლოს, მაგრამ ამით სპეკულირება სასაცილოა“ - დასძინა თეა გოდოლაძემ.
ambebi.ge