
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებ-გვერდზე, "პროვოსლავნი დონბასის" საიტზე დაყრდნობით ქვეყნდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მმართველ არქიეპისკოპოსს ტელეფონით ესაუბრა.
ილია მეორე დაინტერესდა ეპარქიის საეკლესიო საქმიანობით და სინანული გამოთქვა იქ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ ილოცოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის.
"თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძმური მხარდაჭერა აღუთქვა მიტროპოლიტ ილარიონს და დონბასის მიწაზე მშვიდობის დასამყარებლად ლოცვების აღვლენას დაჰპირდა", - აღნიშნულია საიტზე.
ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მოხსენიებისას, როგორც "პროვოსლავიე.რუ"-ს, ასევე "პროვოსლავნი დონბასის" ვებ-გვერდებზე ამოღებულია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული და ის მოხსენიებულია, როგორც "Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский".