
გორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გიგუაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ქალრელებს შორის დაპირისპირების დეტალებზე ყვება.
„არც ერთ დაზარალებულს ირაკლი ოქრუაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მასთან არ კონტაქტობდნენ.
ერთ სოფელში ცხოვრობენ, სამივე ტყვიაველია და სულ ეგ არის. იმ დღეს ირაკლი ოქრუაშვილისა და ამ ბიჭების მანქანები გზის გადაკვეთაზე შეხვდნენ ერთმანეთს, არც ერთმა არ დაუთმო გზა და ამას მოჰყვა ყველაფერი. ოქრუაშვილი გაეკიდა ქარელებს მანქანით და მერე რაც მოხდა, ეს უკვე თქვენც იცით...
კილომეტრი სდია ქარელების მანქანას და ტყვიავის ბოლომდე, სოფელ ტირძნისის გადასახვევთან, ბეტონის ქარხანასთან დაეწია. იმდენი ტყვია უსვრია, რომ ორი კი არა, შეიძლება მეტი მჭიდიც დაეცალა. მანქანიდან ესროდა... დაეწივნენ, მანქანიდან გადმოიყვანეს ეს ბიჭები და იარაღის კონდახით სცემეს, როგორც ვიცი, დაცვის ორივე წევრი ურტყამდა ბიჭებს. თავად ოქრუაშვილი მანქანაში იჯდა.
როცა ბიჭების ცემა დაასრულეს, მერე გადმოსულა მანქანიდან და ქარელებისთვის უთქვამს, ფუ, თქვენ რა ტყვიაველები ხართ, რა ხალხი ხართო... მერე დაცვის ბიჭებს მიბრუნებია, - საკმარისია, ეყოფათო. მერე ისევ მანქანაში ჩამჯდარა და დაცვასთან ერთად წასულა. ეს ვასილ ქარელმა მითხრა... ქარელები არიან „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები.
ადგილობრივ არჩევნებზე ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ კანდიდატის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, ოქრუაშვილის კანდიდატი ტყვიავში მამუკა ხახუტაშვილი იყო, მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ კი მე ვიყავი. მოკლედ, ჩემს მხარდასაჭერად იბრძოდნენ ეს ბიჭები და მოვუგეთ კიდეც არჩევნები ხახუტაშვილს, მე გავხდი საკრებულოს დეპუტატი.
ეს ვერ მოუნელებია დღემდე ოქრუაშვილს. არცთუ დიდი ხნის წინ, მეორე კაცი იყო გავლენით ქვეყანაში, ლამის ყველაფრის მინისტრი ეგ იყო, თანაც ქვეყანა ფული დახარჯა ამ არჩევნებში და მაინც, მის კანდიდატს, მისსავე მშობლიურ სოფელში მოვუგე არჩევნები. არა, მეც ტყვიაველი ვარ, მაგრამ ამას არ ელოდა, გამწარდა კაცი, ვერ გადაიტანა ეს ამბავი და აჰა, შედეგიც - ხალხს იარაღით დასდევენ თავად თუ მისი დაცვის წევრები და ისე უსწორდებიან“, - განუცხადა „ქრონიკას“ გიგუაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
„ჩვენი აქტივისტი იქნება თუ სხვისი, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც გამოძიება დაადგენს, ისე იქნება. არაფერი არ არის ამაში განსაკუთრებული“, - განუცხადა სესიაშვილმა „ქრონიკას“.