
პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა, რომელზეც დღევანდელი რიცხვია გამოსახული.
მინისტრის მიერ ხელმოწერილი ნომერი მომსახურების სააგენტოში დარჩება.
სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) არის გამოსახული.
ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც შეცვლილია: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის განლაგებულია სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს აქვთ ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა - სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.
ამასთან, მომსახურების სააგენტო სიახლეს სთავაზობს მოტო მოყვარულებსაც, პირველი სექტემბრიდან მსურველებს საშუალება ექნებათ მოტოციკლეტისთვის მისთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი შეარჩიონ.
სანომრე ნიშნებს მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით სანომრე ნიშნების დამზადება (ფასიანი სანომრე ნიშანი) რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე სტრუქტურულ ერთეულებშია შესაძლებელი, რაც შეეხება სხვა ერთეულებს - სანომრე ნიშნების მიღება მისი შეკვეთიდან რამდენიმე დღეში მოხდება.
ცნობისთვის, ძველი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა 2020 წლის 1 სექტემბრამდე სავალდებულო არ არის.