-
2014-08-25 22:52
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოქალაქე გიორგი ცომაია ისე ცემეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორმა იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება: ,,14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, მოქალაქე გიორგი ცომაიამ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დახმარებისათვის მიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებას და მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს, პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ცომაიას უნდა დაბრუნებოდა ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, მაგრამ მისი დედის, მარინა ცომაიას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას არ უბრუნებდნენ პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ ჩამორთმეულ ნივთებს. გიორგი ცომაიას განმარტებით, პოლიციის მე-2 განყოფილების შენობაში პოლიციის მაღალჩინოსანმა მას უწოდა „ლაწირაკი“ და უხეშად ჰკითხა, რატომ მიმართა პოლიციას ღამის საათებში. გიორგი ცომაიას ახსნა-განმარტების შემდეგ, რომ პოლიცია მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მუშაობდა 24 საათის განმავლობაში და მას უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა, იგი მაღალჩინოსანმა შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაახლოებით თერთმეტმა პირმა (სავარაუდოდ პოლიციელებმა) სასტიკად ცემეს. როგორც ცომაია აცხადებს, მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში. 14 აგვისტოს 02:05 საათზე გიორგი ცომაია ბრალდებულის სახით დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო,დროებითმა იზოლატორმა ფორმა N100-ის წარდგენამდე უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე.
15 აგვისტოს გიორგი ცომაიას წარედგინა ბრალდება, თითქოს მან განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ხოლო 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებული იმყოფება გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პოლიციის ინფორმაციით, გიორგი ცომაია ნასვამ მდგომარეობაში იყო, რასაც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იყო გიორგი ცომაიას მიმართ განხორციელებულ უკანონობაში.“-ნათქვამია განცხადებაში.