
„ალიასთან“ საუბარში უკრაინული „კაზანტიპების“ მონაწილე ირაკლი ლატარია ყვება, თუ რას წარმოადგენს ფესტივალი, როგორ ხდება იქ გართობა და დროის გატარება.
მისი თქმით, „კაზანტიპი“ ახალგაზრდებისთვის დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა.
„მოკლედ, 30 ივლისიდან, ზუსტად არ მახსოვს, აგვისტოს ბოლომდე იყო ეს „გულიანკა“. ამ პერიოდში, კიევში თუ სადმე კარგი კლუბი იყო, ხსნიდნენ თავიანთ კლუბს სანაპიროზე. უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულან სტუმრები, მე პირადად იქ შემხვედრიან გერმანელები, ჩეხები, ამერიკელები, ესპანელები, თურქები, რომლებსაც თავიანთი ბარები თუ სასტუმროები ჰქონდათ.
წამყვანი კლუბების მფლობელები, დიჯეები, მოცეკვავეები, ქმნიდნენ სანაპიროზე გასართობის უმაღლეს მწვერვალს...
ლოგიკურად თუ შევხედავთ, სერიოზული პიარი არის ქვეყნისთვის. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს დაასწრეს და სამეგრელოში გაიმართება ის, რაზეც მთელი ევროპა საუბრობდა ყოველთვის...
რაც შეეხება „ნაშობას“, რომელზეც ბევრს საუბრობენ ჩვენი ახალგაზრდები, ეგ არც „კაზანტიპის“ გარეშეა პრობლემა არსად, მაგრამ კარგია, როდესაც უამრავი ლამაზი ადამიანი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და აქ რას იზამენ, მათი საქმეა...
„კაზანტიპზე“ ყველაფერი ერთად იყო. კლუბებიც, როგორც სანაპიროზე და იახტები, რომლებშიც დისკოთეკები იმართებოდა, თვითონ სანაპიროზე რომანტიკული გარემო იყო შექმნილი. მგონი, ეს არის სწორედ დასვენება და კარგი დროსტარება.
რაც შეეხება ნარკოტიკს, მე პირადად არ ვარ მომხმარებელი, მაგრამ ეგ თემა ისეთია, სხვა უამრავ კლუბშიც იშოვიდი მაგას უკრაინაში, როგორც ოდესაში, ისე კიევში და სხვა ქალაქებში “, - ამბობს ირაკლი ლატარია.
„კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ მისი უწყება ამ ფესტივალის ორგანიზატორი არ არის.
„ორგანიზატორები ისინი არიან, ვინც ამ ღონისძიებას აკეთებენ 22 წელიწადია. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქართულ პოლიციას არანაირი პრობლემა არ აქვს და ფესტივალზე დამსწრეთა უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა გიორგი სიგუამ.
„ალია“