
ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, 10,000 ევროს ნახევარი უკვე შეგროვილია და გიორგი ჯიშკარიანი და დედამისი მაკა კოხრეიძე ამ დღეებში გერმანიაში გაემგზავრებიან.
აღნიშულის თაობაზე პირველი პრეზიდენტის ვაჟი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც ვაჟა-ფშაველა, „ჩემი ვედრებიდან“ ციტატა წარუმძღვარა: „ნუ დამამშვიდებ, უფალო, მამყოფე შეძრწუნებული...“
„ახლა დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან. პატარა გიორგი ჯიშკარიანი და მისი დედიკო, მაკა კოხრეიძე ვნახე და გარკვეული თანხა გადავეცი. 10,000 ევროს ნახევარი უკვე შეგროვილია და ამ დღეებში გაემგზავრებიან გერმანიაში. რაც დასჭირდებათ, იქ დავაწევთ... თქვენი სიკეთითა და ადამიანობით, ჩემო საყვარლებო.
ეს ინფორმაციისთვის. მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო: სრულიად საოცარი ადამიანები ვნახე - ისინი, როგორებიც უკვე აღარ მეგონა, თუ არსებობდენ. შევხვდი ნამდვილ ქართველ ქალს, ნამდვილ დედას, როგორიც მითიურ ხატებშია მხოლოდ შემონახული. ტანჯვითა და ვაებით გაკეთილშობილებული ქალი, რომელსაც მიუხედავად ამისა საღი გონება არ დაუკარგავს, არამედ გაუძლიერებია კიდეც.
ღირსებით, სიმშვიდით, სიმართლით სავსე ქალი, რომელიც სულ არ ჰგავს ჩვენს თანამედროვეთა უმრავლესობას, საკუთარი ნებით ვირთხებადქცეულ ადამიანებს, რომელნიც პატიოსნების, სინდისის, თანაგრძნობის დაკარგვას გაჭირვებით ამართლებენ, მაგრამ ჰქონდათ კი ისინი ოდესმე??? დიდი კითხვის ნიშანია... ვნახე გიორგის ღრმა და ნაღვლიანი თვალები...
ბავშვის თვალები, რომელნიც ნებისმიერ წამს სამუდამოდ დახუჭვას ელოდებიან და ეს სრულადა აქვთ გათავისებული, გაცნობიერებული. თვალები, რომელნიც უკვე მარადისობას ეკუთვნიან. თუმცა, სიტყვა "ბავშვი" აქ ალბათ უადგილოა. ვნახე ბრძენი სული, რომელსაც ასაკი არა აქვს და რომელსაც ტანჯვამ მთლიანად გამომჟღავნების საშუალება მისცა.
ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ მისი გამოხედვა არ იყო ბანალურად ტრაგიკული: პირიქით, თვალები რაღაც წმინდა სიმშვიდეს და სიბრძნეს ასხივებდენ და მის შესაცოდებლად ადგილი აღარა რჩებოდა. ამ ბიჭმა კიდევ ერთხელ დამანახა ტანჯვის მისტერია; ის, რაც პირადად სრულყოფაში ბევრჯერ დამხმარებია...
აღმოსავლეთში ითვლება, რომ წმინდანთა სულები კიდევ და კიდევ მოდიან ამქვეყნად, სატანჯველში საკუთარი ნებით, რათა ჩვენს პროგრესს, სრულყოფას შეუწყონ ხელი. მათი სიცოცხლე და სიკვდილი იწვევს, გვაძლევს იმგვარ აზროვნებას და გამოცდილებას, რაც ჩვენვე დაგვეხმარება წუთისოფლის ბორკილებიდან გათავისუფლებაში... და ამას ადასტურებს პატარა გიო ჯიშკარიანი.
და ბოლოს. მათაც ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ: გიორგი გადარჩება, ყველაფერი კარგად იქნება. ენდეთ ჩემს გრძნეულ ინტუიციას... მისი სიცოცხლე ჩვენი ჯილდო იქნება, თუმცა სიკვდილით... არა მგონია, რომ მას დააკლდეს რაიმე!", - წერს ცონტე გამსახურდია.