
ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარინა დარახველიძის განცხადებით, არამიზნობრივი გამოძახებების დასარეგულირებლად ცვლილებები იგეგმება.
„აქ საუბარი არ არის პაციენტთა დახარისხებაზე. აი, მაგალითად, როდესაც გამოძახების ერთი ჯგუფი გეუბნება, რომ გვყავს კომაში მყოფი პაციენტი და მეორე გამოძახებაა სიცხიან ბავშვზე.
სასწრაფო დახმარებამ ხომ უნდა განსაზღვროს, რომელთან გაუშვას ბრიგადა პირველ რიგში, თუკი ლიმიტირებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფი? ამ სახის ცვლილებები იქნება.
გარდა ამისა, არ უნდა ხდებოდეს ისეთი გამოძახებებით გადატვირთვა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივად, პირველადი დახმარების დონეზე, ამბულატორიის ექიმმაც ძალიან წარმატებით გადაწყვიტოს დღის საათებში.
როცა ლიმიტირებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ჯგუფი და ამ დროს ხდება ძალიან ბევრი გამოძახება მსუბუქ ავადმყოფობაზე, რომელიც ბინაზე გამოძახებულმა უბნის ექიმმაც შეიძლება გადაწყვიტოს, ამაზეა მხოლოდ საუბარი, თორემ ადამიანებს როგორ შევუზღუდავთ სასწრაფო დახმარების გამოძახებას?“, - განაცხადა დარახველიძემ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ნინო სამადაშვილის თქმით, რეგულაციები დროული და აუცილებელია.
„დღე-ღამეში შემოსული 2 000 ზარიდან 70%-ზე მეტი არამიზნობრივი გამოძახებაა. სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება - უკვე მისი დასახელება გვეუბნება, რომ იძახებ ბრიგადას, როცა შენი სიცოცხლე არის საფრთხეში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მომწერა ძალიან გაბრაზებულმა ქალბატონმა, რომელიც მეუბნება, რომ 5 დღეა ბავშვი სიცხიანი ჰყავს, სასწრაფო გამოვიძახე და დააგვიანაო. ხუთი დღე რომ ბავშვი სიცხიანი გიწევს, როგორც მინიმუმ, ექიმს უნდა მიაკითხო, ან ექიმი გამოიძახო.
მკურნალობას ხომ მაინც ვერ დაუნიშნავს სასწრაფო დახმარების ექიმი? უბრალოდ, სიცხის გაზომვა, წნევის გაკონტროლება, ან ყურში წამლის ჩაწვეთებისთვის სასწრაფოს გამოძახება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა“, - აღნიშნა ნინო სამადაშვილმა.
„ალია“