
უახლოეს მომავალში სასწარფო დახმარების გამოძახების რეგულაცია მოხდება, - ამის შესახებ "კომერსანტს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში (033) განუცხადეს. უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო გამოძახებები დარეგულირდება.
განახლებულია 16.07.2014; 11:35; – პირველწყაროს ("კომერსანტი") განახლების შემდეგ
როგორც „კომერსანტს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში (033) განუცხადეს, ჯერჯერობით ინიციატივა, რომელიც საფუძვლად დაედება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის გადაწყვეტილებას არ მომზადებულა, თუმცა, გეგმაში არის და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა იმაზე, თუ როგორ დაასტაბილურონ არამიზნობრივი გამოძახებები, რაც შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით ჩამოყალიბდეს.
მათივე განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების რაოდენობის გაზრდა ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას მაშინ, როდესაც მხოლოდ თბილისში დღე–ღამეში 2 000 და მეტი გამოძახებაა.
„მთავარია ადამიანებმა გაიგონ, თუ როდის არის საჭირო გადაუდებელი დახმარება“, – აღნიშნავენ ცენტრში და დასძენენ, რომ არსებობს ოჯახის ექიმები და ამბულატორიები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ისეთ სიტუაციებში, რომელიც გადაუდებელი არ არის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არამიზნობრივ გამოძახებაზე მისულმა ბრიგადამ, შესაძლოა, რეალური საფრთხის ქვეშ მყოფ ავადმყოფთან მისვლა დააგვიანოს და ეს მძიმე შედეგით დასრულდეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს თბილისში 13 ფილიალი აქვს, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით არის გადანაწილებული და მთელ ქალაქს მოიცავს.