
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
"გიორგი ანწუხელიძის დედამ დამირეკა... ერთი თვის წინ სტიქია რომ იყო, ქარმა სახლს სახურავი გადახადა და ყურადღება არ მიაქციეს. გუშინ წვიმა იყო და სახლში წყალი ჩაუვიდა. ძველი შიფერი მაინც დამიფარონ, რომ წყალი არ ჩამომივიდესო. რა სირცხვილია გიორგის დედას ასე რომ ახვეწნინებთ. ძალიან მრცხვენია!
გიორგი მახსენდება, სასტიკად რომ აწამეს და მაინც ვერ გატეხეს... დედამისი კიდევ ამ მდგომარეობაშია", - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" გვერდზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა და წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ 24 წლის ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.