
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნად გაზარდას ნამდვილად არ გამოიწვევს.
"ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია, შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ. რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ თუ ვთქვათ, ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს.
ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება", - განაცხადა ვალიშვილმა.
სემეკის წევრის, გოჩა შონია თქმით, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. "ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ", - განაცხადა გოჩა შონიამ.