პირველკლასელთა ნეთბუქების ბედს მთავრობის სხდომა გადაწყვეტს - ტენდერი აღარ ჩატარდება (ვიდეო)

Image

ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები დაპირებულ ნეთბუქებს ელიან. მათთვის ბუქების გადაცემა უკვე დაანონსდა, თუმცა, განათლების სამინსიტროს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვის მიანდოს 20 მილიონი ლარი და პირველკლასელების ბედი - კომპანია „ალგორითმს“, რომელსაც ბუქების წარმოების პრაქტიკაც აქვს და გამოცდილებაც, თუ კომპანია UGT-ს, რომელსაც ეს გამოცდილება არა აქვს.

 

საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება სწორედ იმიტომაც ჭიანურდება, რომ ის პირადად პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს. საქმე ის გახლავთ, რომ „ალგორითმი“ ნეთბუქების წარმოებითა და პირველკლასელებისთვის გადაცემით წინა ხელისუფლების დროს იყო დაკავებული.

 

იმის მიუხედავად, რომ „ალგორითმს“ გააჩნია ბაზა ბუქების დასამზადებლად მზადმყოფი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხნის სახით, ხოლო მისი პროდუქცია, ფაქტობრივად, წუნგარეშეა, ტენდერის შედეგების გამოცხადება ყოვნდება. 50 ათასი ნეთბუქის წარმოსადგენად „ალგორითმს“ მხოლოდ მწვანე შუქის ანთება სჭირდება. რაც შეეხება UGT-ს, მის პროდუქციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.

 

„ალგორითმი“ განათლების სამინისტროს დაკვეთას უკვე ოთხი წელია, ასრულებს. მისი პროდუქცია მოწონებით სარგებლობს, მაგრამ წელს განათლების სამინისტრომ ისეთი პროდუქცია მოითხოვა, რომლის ბრენდიც მსოფლიო ბაზარზე, მინიმუმ, ათი წელია, იყიდება. ამ პირობამ საქართველოში აწყობილი ბუქების მონაწილეობა ტენდერში თავიდანვე გამორიცხა. შესაბამისად, „ალგორითმმა“ საქართველოში აწყობილი ბუქების ნაცვლად, „ინტელის“ პროდუქცია წარმოადგინა, ხოლო UGT-მ „ელიტ გრუპის“ „ეისერი“.  ამ უკანასკნელმა სამინისტროს ნეთბუქები 1 მილიონ 830 ათასით ნაკლებად შესთავაზა, ამიტომ მან UGT აირჩია.

 

„ალგორითმმა“ დამარცხება არ აღიარა და დავების განმხილველ საბჭოში გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კომპანიის პრეზიდენტი ეჭვობს, რომ განათლების სამინისტრო UGT-ს დახმარებას ცდილობდა. ამის დასტურად გიორგი კორახაშვილი ამბობს, რომ UGT-მ არ წარმოადგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ UGT-ს პროდუქცია 70 სმ სიმაღლიდან (სასკოლო მერხის სიმაღლე) ჩამოვარდნის შემთხვევაში ქარხნულად იქნებოდა დაცული და არ დაზიანდებოდა: „ასეთი საბუთი ბუნებაში არ არსებობს, რადგან ეს მოდელი თვითონ არ არის ამგვარი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული და არ არის დაცული“, - ამბობს კორახაშვილი.

 

UGT-ს დირექტორი ერმილე სულაძე კი ამბობს, რომ მათ პროდუქტს წარმოების ვარდნის ტესტი ჰქონდა. „ეისერის“ ადგილობრივი წარმომადგენლის წერილში, რომელიც სატენდერო დოკუმენტებში მოიპოვება, სადაც წერია: „კომპანია „ეისერი“ ადასტურებს, რომ UGT-ს მიერ წარმოდგენილ ნეთბუქს გავლილი აქვს თავისუფალი ვარდნის ტესტი, რომელიც გულისხმობს 70 სმ სიმაღლიდან ვარდნას დახურულ მდგომარეობაში“. ამ საბუთს გიორგი კორახაშვილი „გაურკვეველ დოკუმენტს“ უწოდებს, ხოლო ერმილე სულაძე ამბობს, რომ ის „ჩვეულებრივი, ვარდნის ტესტია“.

 

განათლების სამინისტრომ UGT-ს მიერ წარმოდგენილი ნიმუშის შესამოწმებლად ჯერ სპეციალისტები მოიწვია, შემდეგ კი პროდუქცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაუგზავნა. „ალგორითმის“ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტიელბასაც უკანონოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ შემსყიდველი უწყება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნით მისი კონკურენტის ხარვეზების აღმოფხვრას შეეცადა.

 

„ალგორითმმა“ ის კითხვაც გააპროტესტა, რომლითაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ ექსპერტს მიმართა: ვარდნის სიმაღლედ 70 სმ, პროდუქციის თავდაპირველ მდგომარეობად ჰორიზონტალური მდგომარეობა სახელდებოდა, ამასთან, ეკრანი ზემოთ, ბუქი კი უნდა ყოფილიყო გამორთულ და დახურულ მდგომარეობაში, ხოლო დაცემის ზედაპირად ხის იატაკი იყო მითითებული:

 

„ეს ვარდნის ტესტი არ არის: ბავშვმა, შეიძლება, ჩართულიც გადმოაგდოს, შეიძლება გახსნილიც გადმოვარდეს, შეიძლება ეკრანით ზემოთ კი არა, ქვემოთ დაეცეს, ამასთან, მე ნანახი მაქვს სკოლები, სადაც არ არის ხის იატაკი და არის, ვთქვათ, ლინოლიუმი ბეტონზე...“, - ამბობს გიორგი კორახაშვილი.

 

UGT-ს დირექტორი კი ამბობს, რომ თვითონ ვარდნის ტესტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ჩაუტარებია. „არ გამოვრიცხავ, შეიძლება მეშლებოდეს“, - ამატებს ერმილე სულაძე, თუმცა ამბობს, რომ ვარდნის ტესტი მათ პროდუქციას გავლილი აქვს.

 

სინამდვილეში კი პროდუქციის ვარდნის ტესტირება სულ სხვაგვარად ხდება და მას თავისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესები აქვს, რაც კარგად ჩანს კომპანია „ალგორითმის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ვარდნის ტესტის ამსახველ ვიდეოზე, სადაც პროდუქციას 70 სმ სიმაღლიდან სხვადასხვა კუთხით აგდებენ, როგორც დახურულ, ასევე გახსნილ და ჩართულ მდგომარეობაში. ვიდეოდან ჩანს, რომ პროდუქცია არ ზიანდება. ამას იმ ყოფილი პირველკლასელების მშობლები და მასწავლებლებიც აღიარებენ, რომლებსაც „ალგორითმის“ ბუქებთან შეხება ჰქონიათ.

 

„რუსთავი-2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ გადამღებმა ჯგუფმა, რომელმაც ნეთბუქების ტენდერის თემაზე სიუჟეტი მოამზადა, ექსპერტიზის ბიუროს შეკითხვით მიმართა, როგორ ჩაატარებდნენ ექსპეტიზას, მისი ჩატარება რომ UGT-ს პირობების ანალოგიურად მოეთხოვათ.

 

„ამ სიტუაციაში ჩვენ გამორთულ მდგომარეობაში, ეკრანით ზემოთ, 70 სმ სიმაღლიდან დავაგდებდით ნეთბუქს ხის იატაკზე და ვნახავდით, რა მოუვიდოდა მას“, - ამბობს ექსპერტი, ამასთან დასძენს, რომ მათ ნებისმიერი სახის ტესტის შესრულება შეეძლოთ, თუ ამის მოთხოვნა იქნებოდა, მათ შორის, ბუქის ვარდნის ტესტის ჩატარება ჩართულ მდგომარეობაში და ეკრანით ქვემოთ.

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ბიუროსთვის დასმული კითხვით ვერ დგინდებოდა, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში რამდენად იყო დაცული UGT-ს მიერ შეთავაზებული პროდუქცია. ამასთან, ექსპერტიზის ბიურომ UGT-ს მიერ წარმოდგენილ ნიმუშს სხვა წუნი უპოვა - ტექნიკური: კლავიატურა და მაუსი გაუმართავი იყო.

 

„ამ პროდუქტს მართლაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები“, - აღიარებს UGT-ს დირექტორი ერმილე სულაძე, - „ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვენ ვერ მოვასწარით, მწარმოებლისგან ქარხნულად დამზადებული ნიმუში მიგვეღო“.

 

კომპანია „ალგორითმის“ პრეზიდენტი გიორგი კორახაშვილი ამბობს, რომ სატენდერო კომისიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს და მათ ჩამოთვლასაც იწყებს. მისი თქმით, ყველაზე მტავარი ისაა, რომ UGT-ს პროდუქცია ადვილად დაზიანებადია, რის გამოც სახელმწიფო წელს ბუქების დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების დაკისრებას მოსწავლეთა მშობლებისთვის აპირებს, ხოლო ეს კი დააზარალებს მოსახლეობას, რადგან პროდუქციის ფასი 500 ლარამდეა...

 

გიორგი კორახაშვილი:

 

„თუ ტენდენციური არაა სატენდერო კომისია, ამიხსენით:

1) რატომ ჩაიდო შეზღუდვა ქართულ წარმოებაზე;

2) რატომ არ ითხოვს UGT-ის ნიმუშის ვარდნის ტესტის შედეგებს, რატომ ენდობა მხოლოდ წარმოების თანამშრომლის ფიცს, რომ არ ტყდება;

3) UGT-ის ვერც ნიმუშმა და ვერც საბუთებმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები და მოხდა დისკვალიფიკაცია, ამის შემდეგ რატომ ჩაშალეს ტენდერი და არ გადავიდნენ შემდეგ პრეტენდენტზე?

 

მოკლედ, ბევრი კითხვაა და იმედი მაქვს ბავშვებისთვის, ქართული წარმოებისთვის, სატენდერო კომისიის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, კომპანია UGT-ის რეპუტაციის გადარჩენისთვის (რადგან მათი პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, სავარაუდო ფიზიკური დაზიანებები იქნება მრავლად), თვითონ INTEL--ის პროექტის CLASSMATE PC - ის (ეს პროქტი მსოფლიოს ათეულ ქვეყნებში მიმდინარეობს ჩვენი პროდუქტით) გადარჩენისთვის, მთავრობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვები მიიღებენ დაცულ ბუქებს სექტემბერში.

 

„ალგორითმის“ შეთავაზებული CLASSMATE PC კომპანია INTEL-ის უნიკალური პროდუქტია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, გათვალისწინებულია ბავშვების უსაფრთხოებისთვის ყველა პუნქტი, წლებია, გამოცდილია მისი თვისებები გამძლეობაზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ნაკლებ დაზიანებას და თვითონ ბუქების მინიმალურ ფიზიკურ დაზიანებას.

 

ხოლო ალტერნატიული პროდუქციის მიღების შემთხვევაში დაზიანება გარანტიას არ ექვემდებარება და მოუწევთ მშობლებს საკუთარი ჯიბიდან ან მთლიანი ღირებულების დავარვა (დაახლოებით 500 ლარამდე) ან დაზიანების აღდგენის ხარჯის დაფარვა. არადა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ: ჩვენი პროდუქტი სასკოლო პირობებში მოხმარებისას, როცა დაზიანება ყოფითია და არა მიზანმიმართული, არ ტყდება!..“

 

განხილვის შედეგად სატენდერო კომისიამ 2 ივლისს გადაწყვეტილება შეცვალა და UGT-ს ნიმუში სატენდერო პირობებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. მეორე დღეს კი UGT-მ სატენდერო კომისიას წერილით მიმართა და განაცხადა, რომ იმავე მოდელს 400.000 ლარით ნაკლებ ფასად წარმოადგენდა.

 

„ამის საფუძველზე, ტენდერი, ფაქტობრივად, შეწყდა. ეს წერილი რომ არ ყოფილიყო, წესით, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ უნდა მიეღოთ. ანუ, რეალურად, დაწუნებული და დისკვალიფიცირებული პროდუქი დააბრუნეს განხილვაში“, - ამბობს „ალგორითმის“ პრეზიდენტი გიორგი კორახაშვილი.

 

„ფასი მწარმოებელმა დააკლო, ჩვენ კი მივიღეთ უნაკლო პროდუქტი „ეისერისგან“, - ამბობს UGT-ს დირექტორი ერმილე სულაძე.

 

„ჩვენ ძალიან ბევრი პროფესიონალის რეკომენდაციებით შემუშავებული პროდუქტი გვაქვს, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად 1-დან მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის“, - ამბობს „ალგორითმის“ პროდუქტზე გიორგი კორახაშვილი, - „პლასტმასი შეიცავს სპეციალურ რეზინას, რომ პროდუქტი დასული იყოს ვარდნისგან, დარტყმისგან, არა აქვს წაწვეტებული კუთხეები და ისინი სპეციალურად მომრგვალებულია, ამასთან, სპეციალურადაა ცადებული, რომ დასველების შემთხევევაშიც კი კორპუსზე დენი არ გადავიდეს“.

 

UGT-ს დირექტორი კი მათ მიერ შეთავაზებული პროდუქციის ღირსებებზე საუბრობს:

 

„ჩვენი პროდუქტი არის კომპიუტერი, მათი პროდუქტი კი განსხვავებულია - უფრო საბავშვოა, სასკოლოს წააგავს, უფრო სწორედ, სასკოლომდე ასაკისას წააგავს“, - აცხადებს ერმილე სულაძე.

 

სწავლის დაწყებამდე ორი თვეა დარჩენილი და ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რომელი ნეთბუქები ექნებათ პირველკლასელებს. ამის მიუხედავად, განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბავშვები პროდუქტს დროულად მიიღებენ და ის ხარისხიანი იქნება:

 

„მათ ექნებათ ძალიან კარგი კომპიუტერი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის, ეკრანი და გამოსახულება იქნება ხარისხიანი და დაცული“, - ამბობს თამარ სანიკიძე.

 

„ქალბატონ თამარ სანიკიძეს მივმართავ და მის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ჩვენი ბუქების ეკრანებშია გათვალისწინებული ბავშვების თვალებისთვის სპეციალური დაცული ეკრანები, ნაკლები სიმკვეთრით და სიკაშკაშით (ქინდლის მაგალითი) და კიდევ ერთი: UGT-იმ თავად აღიარა, რომ ტენდერის პროცესში ვერ მოასწრო სათანადო ნიმუშის წარმოდგენა, რამაც გამოიწვია მისი დისკვალიფიკაცია, ანუ მის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია ჯერ წარმოებულიც კი არ არის ქარხანაში, ბუნებაში არ არსებობს...“, - ამბობს „ალგორითმის“ პრეზიდენტი გიორგი კორახაშვილი.

 

უკვე ცნობილია, რომ ტენდერი აღარ ჩატარდება. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და იმის აღსაკვეთად, რომ პირველკლასელები ნეთბუქების გარეშე დარჩნენ, ექსპერტთა ჯგუფთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტი, მთავრობის სხდომაზე მიიღებს, ხოლო გადაწყვეტილებას, სატენდერო კომისიიის წევრების ნაცვლად, ხელს პრემიერმინისტრი მოაწერს.

 

მომზადებულია "პოსტსკრიპტუმის" სიუჟეტის მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !