-
2014-07-10 18:59
რა ბედი ეწია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეგროვილ ოცნების ბარათებს?- სტატიას ,,აქცენტი“ აქვეყნებს. ,,ქართულ ოცნებაში“ არ იციან სად წავიდა ხურჯინი, რომელიც მოქალაქეებმა საკუთარი ოცნებებით აავსეს.
2012 წლის 27 მაისს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიან აქციაზე “ოცნების“ ახალგაზრდები მოქალაქეებს აწერინებდნენ და ლურჯ ხურჯინებში ყრიდნენ. თან ეუბნებოდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეს სურვილები შეუსრულდებოდათ. ხალხიც, იმ იმედით, რომ ქველმოქმედი და მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მართლა შეუსრულებდა სურვილებს, უხვად წერდა მათ ფურცელზე.
„შემთხვევით გავიარე ავლაბრის მეტროსთან, სადაც აქცია იმართებოდა. ახლაგაზრდებმა ფურცელი მომაწოდეს, რომელზეც სურვილი უნდა დამეწერა, კომპიუტერი უნდოდა ჩემს შვილს და ჩავწერე. სიმართლე გითხრათ, მაშინ მართლა მქონდა იმედი, რომ საარჩევნოდ შეიძლებოდა მართლაც გაეკეთებიათ რაიმე მსგავსი აქცია, თუმცა როგორც ვიცი არავის არაფერი ასრულებია, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარემოცვაშია ასეა“, - განუცხადა „აქცენტს“ მოქალაქე ნატო ჭითანავამ.
აღნიშნული აქციიდან უკვე ორი წელი გავიდა, წინასაარჩევნო კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, შესაბამისად, კოალიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა ჩაანაცვლა. შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსვლის დღეს გაცემული დაპირება და ერთ წელიწადში მან პოლიტიკური ასპარეზი დატოვა. 12 ივლისს კი, ახალი მთავრობის პირობებში მეორე არჩევნები იმართება, „აქცენტი“ დაინტერესდა რა მიზანს ემსახურებოდა ორი წლის წინ დარიგებული „ოცნების ფურცლები“ და სად წავიდა ხურჯინში ჩაყრილი სურვილები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანამშრომელს ლელა გაბეჩავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი წლის წინ ის აღნიშნულ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა და არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა გარკვევას დაგვპირდა. მეორე დღეს კი განაცხადა, რომ ორ დღეში არჩევნებია და ზემოთხსენებული სურვილების მოსაძებნად არავის სცალია.
„ორ დღეში არჩევნებია და არავის სცალია ეგ სურვილები ეძებოს. მე ვერავინ ვიპოვე ასეთი და თქვენ თუ იპოვით, კიბატონო“, - განაცხადა ლელა გაბეჩავამ.
კოალიციის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ „ოცნების ფურცლების“ აქცია მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ემსახურებოდა და არა კონკრეტული სურვილების შესრულებას.
„აღნიშნული აქცია საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ემსახურებოდა და საჭირო იყო ჩვენი პროგრამის შესადგენად. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუკმაყოფილებს ხალხს ყველა სურვილს და ამ აქციის მიზანი კონკრეტული სურვილების ასრულება არც ყოფილა.
ზოგმა მშვიდობა ჩაწერა, ზოგმა აფხაზეთში დაბრუნება, ზოგმა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ზოგმა იახტა. ჩვენ განვიხილეთ და გავითვალისწინეთ თუ რა აწუხებდა ხალხს. ნებისმიერ საქმეში ჯერ უნდა მოხდეს მარკეტინგულად საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მერე შესაბამისი მუშაობის დაწყება“, - განუცხადა „აქცენტს“ საგანელიძემ.