
ნიუ-იორკი ამერიკის 23-ე შტატი გახდა, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით ოფიციალურად დაიშვა მარიხუანის მოხმარება.
მარიხუანა გაიცემა მკაცრად, რეცეპტის შესაბამისად, ისეთი მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებზე, როგორიცაა კიბო, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია. რაც შეეხება მარიხუანის მოწევას, ან დათესვა-მოყვანას, ეს შტატის კანონით უმკაცრესად იკრძალება.
"ალიასთან" საუბარში ექსპერტ-ნარკოლოგი, გელა ლეჟავა აცხადებს, რომ მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება მიუღებელია.
„როცა ჩვენ იმ ზომამდე მივალთ, პრევენციის მხრივ, როგორც ამერიკელები არიან, მერე ვილაპარაკოთ ამაზე... გაერო წინააღმდეგია ამ ნარკოტიკის გამოყენების და დავუჯეროთ გაეროს. ამერიკაში ისეთი ანტინარკოტიკული პროპაგანდა მიდის და იმხელა თანხები იხარჯება ამაზე, ადამიანს შეშურდება. ჩვენთან კი რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ?
...ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოყო იმისთვის საკმარისი ფული, რომ მოსახლეობის გამოკვლევა მოხდეს, ვიმეორებ, თუნდაც ერთხელ... ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში 17 პროცენტით გაიზარდა მომხმარებლის რიცხვი და ეს რა ასაკში, არ გაინტერესებთ? ცხრა წლიდან ჩვიდმეტ წლამდე! და ამ რიცხვს რომ ნახავ და კიდევ იმაზე ილაპარაკებ, ლიბერალიზაციაო, ეს მიუღებელია!
თან ისიც არ ვიცით, ეს რაოდენობა რა ნარკოტიკს იღებს. ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა და 17-პროცენტიანი ზრდა ნარკომანიაში, ძალიან დიდი ციფრია; რას ამბობთ? ვიღაცას ნარკომანობა და ნარკოტიკის გაყიდვა უნდა და ეგრე ხომ არ არის?
40 000 და კიდევ მეტი ინტრავენური ნარკომანია საქართველოში, ეს ამდენი ადამიანი რომ გამოვა ქუჩაში და მარიხუანის ლეგალიზაციას მოითხოვს, უზარმაზარი დემონსტრაცია გამოვა, ხომ? მაგრამ სამი მილიონი ადამიანი რომ ამის წინააღმდეგია, ეს არაფერი? ხალხს ჰკითხეთ ქუჩაში, რას ფიქრობენ ამის შესახებ და გეტყვიან, ვინ არის ამის მომხრე. ლეგალიზაცია ყველანაირი სახით დაღუპავს ქვეყანას და ქართველ ერს, ამას გეუბნებით მეცნიერულ მონაცემებს.
... ვინც გამოდის, თავის ინტერესებს იცავს და, თურმე ისე უნდა იხმარდნენ ამ ნარკოტიკს, რომ არ უნდა დაიჭირო და არ უნდა დააჯარიმო? უნდა, მოსწევს მარიხუანას, თუ გაიკეთებს ჰეროინს? ეს იგივეა, ვიღაც ქურდი იყოს და გამოვიდეს მოთხოვნით, მოდით, ქურდების ინტერესები დავიცვათო, 1000 ლარამდე ქურდობა არ ჩაითვალოს დანაშაულადო?
ეს ხალხი არის დანარჩენი ყველაფრისადმი უინტერესო, კომუნისტები იქნებიან, "ნაციონალები", თუ "ოცნება", იმას ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ რომ მოსწიოს და არ დაიჭირო, ამის ინტერესი აქვს და რა არის ამაში გასაკვირი?
... ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ უამრავი წამალია და ვერ გავიგე, ეგ მარიხუანა კლასიკურ მედიცინაში მიღებული პრეპარატი არაა. იმ ზიანთან შედარებით, რაც ამ ნარკოტიკს მოაქვს, რა შედეგი აქვს, ნამდვილად არ ვიცი.
თქვენ იცით, ვაშინგტონის შტატში მარიხუანის მოხმარებისთვის რომაა ათი ადამიანი დაჭერილი, მათგან ცხრა ზანგია? იმიტომ რომ ზანგები დაბალი ფენაა და ის იხმარს!
... ტელევიზიებში მიჰყავთ ხალხი, ვინც მარიხუანის ლეგალიზებას ქადაგებს და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, ასეთი გარემოცვა და ახლა კიდევ ნარკოტიკი დავუშვათ? მე სულ არ ვარ იმის მომხრე, რომ ნარკომანი ციხეში ჩავსვათ, მაგრამ იმის მომხრე ვარ, რომ ციხეში არ ჩავსვათ და ისე მივხედოთ ამ ხალხს, მაგრამ ამას სჭირდება მატერიალური დანახარჯები და სანამ ეს არ იქნება, მანამდე სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაქსიმალურად მკაცრად უნდა მივხედოთ ამ საქმეს“, - აღნიშნა გელა ლეჟავამ.
„ალია“