
ტელეკომპანია „იმედში“ ცვლილებები სამი თვით შეჩერდა. ამ პერიოდის განმავლობაში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები არხის მუშაობას დააკვირდებიან და საკუთარ რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენენ.
„პრაიმტაიმი“ ადრეც წერდა, რომ არხიდან რევაზ საყევარიშვილისა და ბაია ცანავას გაშვება იგეგმებოდა. საინფორმაციოს უფროსი სამეთვალყურეო საბჭოში გადავიდა და აცხადებს, რომ ეს არა თუ დაქვეითება, არამედ დაწინაურება უფროა.
რაც შეეხება საყევარიშვილს, ის ჯერჯერობით არხის გენერალურ დირექტორად რჩება, თუმცა, როგორც ამბობენ, მას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩაანაცვლებენ.
სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ლონდონში მოღვაწე ჟურნალისტი ნათია აბრამია იქნება. ითქვა, რომ აბრამიას ხელმძღვანელობით ტრენინგების ჩატარება ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გააპროტესტეს...
ითქვა ისიც, რომ აბრამიას მისვლის შემთხვევაში არხის დატოვებით ინგა გრიგოლია დაიმუქრა. თუმცა ინფორმაცია თავად გრიგოლიამ უარყო: „რა სისულელეა, საიდან მოიტანეთ? არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, ახალი სეზონი დაწყებული გვაქვს და უკვე ქუდებზე ვმუშაობთ“.
სამეთვალყურეო საბჭოში გადასული საინფორმაციოს უფროსი არხიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ბაია ცანავა ირწმუნება, რომ „იმედის“ თითოეული თანამშრომელი არხზე დარჩება.
„ ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება ძალიან დიდხანს უსწრებდა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებას, მაგრამ იქ, მოხდა კონტრპროგრამირება, რომელიც ბუნებრივი პროცესია...
როდესაც კონკურენტი არხები მიხვდნენ, რომ ჩვენი საინფორმაციო გამოშვება იყო ძალიან სერიოზული, მათ იზრუნეს და შეიძინეს თურქული ტელესერიალები, რომელთა ჯამი, რეიტინგის თვალსაზრისით, იმდენად მაღალია, რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია მათთვის კონკურენციის გაწევა.
ორი, ძალიან მაღალრეიტინგული თურქული სერიალი გადის ჩვენი საინფორმაციო გამოშვების დროს კონკურენტ არხებზე. აბსოლუტურად არათანაბარ პირობებშია როგორც ჩვენი, ასევე სხვა საინფორმაციო გამოშვება ჩაყენებული... შემდეგ ჩვენც მივხვდით, რომ თურქული ტელესერიალები უნდა გვეყიდა და კონკურენტების საინფორმაციოებისთვის დაგვეპირისპირებინა.
არხზე არ იქნებიან დანიშნული ადამიანები მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. განთავისუფლებული ადგილები, ჩემიც და სხვაც, ვაკანტური დარჩება. ჩამოვა მოწვეული სპეციალისტების გუნდი, რომლებიც ტელეკომპანიისთვის იმუშავებენ. მაგალითად, ნიუსის მიმართულებით დაიწყებენ მუშაობას, დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი.
ჯგუფი უკვე შერჩეულია და სულ მალე ჩამოვლენ საქართველოში. იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ნათია აბრამიასთან და ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ ნათია იქნება. მის მიერ შერჩეული ადამიანები ტრენინგებსაც ჩაუტარებენ ჟურნალისტებს. სხვადასხვა მიმართულებებით ჩატარდება რეფორმები.
...არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ ნიუსის თანამშრომლებს გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რატომ არ შეიძლებოდა, რეორგანიზაცია-რეფორმირება ჩატარებულიყო ჩემი ხელმძღვანელად დარჩენის პარალელურად. ეს კითხვის ნიშნები თანამშრომლებს აქვთ და ალბათ, ამ კითხვებს ისინი საჯაროდაც დასვამენ...
მე მესმის თანამშრომლების, მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული კითხვები და იმედია, ამ კითხვებს გაეცემა პასუხები. ... არც მე და არც რეზო ამ ტელეკომპანიიდან არ მივდივართ. შეიძლება გადავადგილდეთ, მაგრამ ვრჩებით მენეჯმენტში...
ვერ გეტყვით, კმაყოფილი ვარ თუ არა, ეს იყო შემოთავაზება....“ - აცხადებს ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბაია ცანავა.
„პრაიმტაიმი“