
ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში მომღერალ ეკა კვალიაშვილის შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე. მან საყვედური მომღერლის პირადი ექიმის, გოგიტა გეგელაშვილის მისამართითაც გამოთქვა.
„მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ „ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს... ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე.
ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა'', - განაცხადა ნუკა კვალიაშვილმა.
„რეიტინგთან საუბარში“ გოგიტა გეგელაშვილი ამბობს, რომ სამინისტროც და მერია მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება...
„მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი... განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს...
მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე...“ - აღნიშნა გოგიტა გეგელაშვილმა.
„რეიტინგი“