
პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ საწარმო უკვე ფუნქციონირებს და ატამს იბარებს,-ამის შესახებ კახეტის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გახსნიდან მეორე დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საწარმო დაკეტილი დახვდა. დაცვის თანამშრომელმა განმარტა, რომ გუშინ 300 კილოგრამი ატამი ახლობლისგან ჩაიბარეს, რათა პრემიერისთვის საჩვენებელი გახსნა მოეწყოთ. სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო შპს „ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.
კომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნოზაძემ გუშინ პრემიერს უთხრა, რომ საწარმო ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას, საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
http://ick.ge/articles/18391-i.html