-
2014-05-23 16:22
,,ვაჟკაცური ნაბიჯი“ – ასე შეაფასა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიმიტრი დარბაისელის გადაწვეტილებას სახელმწიფოებრივი და დასაფასებელი ნაბიჯი უწოდა, მისი თქმით, მთავრობას შეცდომების არ ეშინია, რადგან ხელისუფლება მცირე გადაცდომებს მაშინვე ასწორებს.
"მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა დარბაისელმა. მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რაც დასაფასებელია. ხარვეზების და შეცდომების ჩვენ არ გვეშინია, ის რომ პატარა გადაცდომა იყო, ამაზე ტრაგედია არ უნდა შექმნათ.
თუ ყურადღებას მიაქცევთ, ჩვენ თუ ოდესმე რაღაც შეცდომა მოგვიდის, ამ შეცდომას მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი. ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ამას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით.
რაც მთავარია, ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულა. მინდა მის გუნდს მადლობა გადავუხადო, მათ ციხეში ის პრობლემები, რაც არსებობდა, აბსოლუტურად სხვა, ცივილიზებული მეთოდით მოაგვარეს. ის, რომ დარბაისელი თავისი სურვილით გადადგა, მიმაჩნია, რომ სწორი, საღი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. დარბაისელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.