
ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განმარტა, რომ ყველა გაცემული რეკომენდაცია დროს უსწრებს და მათი ეფექტი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.
„ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა და რჩევა იყოს საფრთხის ადეკვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არ დაცვა ჩნდება დღეს. დღეს ჩვენ რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა იმნაძემ.