"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.
აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა იგი პროცესს არ დაესწრო. მას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის ბრალი 2013 წელს წაუყენეს.
როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა პროცესი სასამართლოს მიზეზით არ გაჭიანურებულა.
"ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი, საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით 100 ტომი. ასევე, საწყის ეტაპზე მრავალპირიანი საქმე იყო. ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობამ, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა" - განაცხადა მოსამართლემ.