
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ქვიშა მათ კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.
სატვირთო მანქანის გაჩერებას აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ასევე, გიგი უგულავასა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.