
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს.
უწყების ინფორმაციით, ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი - დაშავებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფტრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.