-
2018-02-01 16:04
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის და მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის ლაშა მესხის დისკრიმინაციული წესით სამსახურიდან გამოშვების საკითხის განხილვა დაიწყო.
პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის 3 შუამდგომლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს დაევალა საქმესთან დაკავშირებული დამატებითი მასალების წარმოდგენა, შუამდგომლობის მიხედვით ასევე მოხდება საქმესთან დაკავშირებული მოწმის დაკითხვაც და სახალხო დამცველის დასკვნის წარმოდგენა, სადაც საუბარია მესხის საქმეზე.
„რვათვიანი ლოდინის შემდეგ დღეს დაიწყო სასამართლო პროცესი. მოსამართლე აბსოლიტურად ადექვატურად მიუდგა მოცემულობას და საქმის დამატებითი დეტალებისთვის ჩვენი სამივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია! დასაწყისი გამარჯვებისკენ, რომელიც ისეთივე გარდაუვალია, როგორც 2 ჯერ 2 არის 4! ჩემი გამოგდებით მათ მაუწყებელში დროებით ჩაახშეს პროტესტი, მაგრამ მთავარი დაავიწყდათ.
ხალხს აქვს სიმართლის აღქმა, ჩემს მეგობრებს - ღირსეულ თანამშრომლებს, ჩვენს საყვარელ მაყურებელს და საზოგადოებას. ამდენ ადამიანს თვალებში ნაცარს ვერ შეაყრიან და მოუწევთ საკუთარი უპასუხისმგებლო და დისკრიმინაციული ქმედების გამო პასუხისგება.
ყველაზე მთავარი - სიმართლე ამ ბრძოლაში ჩემს მხარესაა და მჯერა რომ ეს მალე დადასტურდება! საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ერთ კონკრეტულ დაჯგუფებას ან პოლიტ ელიტას! საზმაუ ჩვენია“ - განაცხადა ლაშა მესხმა სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, ლაშა მესხის ინტერესებს სასამართლოში გაერთიანებული პროფკავშირები იცავს.