
22 ნოემბერს თბილისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ტერორიზმთან კავშირში მყოფმა პირებმა სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი მოკლეს. ვანო 41 წლის იყო, 9 დეკემბერს 42-ისა გახდებოდა.
მას და თამუნა ხელაიას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ, რომელთაგან უფროსს - მარიამს, 30 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა. ჩანახატი მარიამს და მამამისს ეძღვნება.
დღეს მარიამ გოლოშვილის დაბადების დღეა. მას მამამ ვერ მიულოცა. ვერც შარშან მიულოცა მამამ - სამსახურში იყო. წელს კი...
მარიამის დედა "სარკესთან" საუბარში იხსენებს, რომ როცა ვანოს უთხრა, წელს მაინც მოდი ბავშვის დაბადების დღეზეო, უპასუხა - წელს მოგიწევს დაბადების დღეზე უთხრა, რომ მამა არ ჰყავსო... ესეც, წინათგრძნობა...
ვანო ყველაზე წინ მიდიოდა. არის კიდეც კადრი, იარაღი აქვს წინ გაშვერილი, უმიზნებს და მიდის. ამ დროს სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თვითმხილველების ტირილი და შეცხადებაც გაგახსენდებათ - "ეს რა უქნეს, ვაიმე, დედა..."
დედაც შფოთავდა, ალბათ. დედები ხომ სულ აუხსნელად გრძნობენ უბედურებას - რძლისთვის დაურეკავს, საშინელება ხდება, ვანო არ მპასუხობს და ხომ მშვიდობითააო. თამუნას უპასუხია - სულ პანიკაში ნუ ხარო...
პატარა ბიჭი მამის ტანსაცმელს იხუტებს და ვანო, ვანოო იძახის, გოგონამ კი...
მარიამმა იცის, რომ მისი მამიკო ძალიან მოუცლელია და სხვა ქვეყანაში გაფრინდა თვითმფრინავით, საიდანაც ბევრ სათამაშოს გამოუგზავნის...
ცოტათი კი წყდება გული, რომ მამიკო მისი დაბადების დღეზე ვერ მოვიდა დღეს, მაგრამ რას იზამ - მას მოუცლელი მამიკო ჰყავს და მისი სამსახური - საქართველოა...
"პატარა გოგოს მამიკო უყვარს, პატარა გოგო მამიკოს ელის..."
ნათელი ვანოს ხსოვნას...