-
2017-09-26 01:23
ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს ერთი წლის წინ სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს: სალომე და სოფო ცაბაძეებმა, რომლებმაც თავად სკოლა ავსტრიაში დაამთავრეს, ზალცბურგში ქართული სკოლა გახსნეს.
იმ იდეის ხორცშესხმა, რაც დებს გაუჩნდათ, ადვილი არ ყოფილა. ადვილი არ ყოფილა ასევე სკოლისთვის ადგილის დამკვიდრება, მაგრამ მონდომებამ კარგი შედეგი გამოიღო და დღეს ზალცბურგის ქართული სკოლის შესახებ არამარტო ამ ქალაქში, ავსტრიის სხვა ქალაქებში მცხოვრებლებმაც იციან.
ერთი წლის წინ დაარსებულ სკოლაში უკვე 22 ბავშვი სწავლობს. სკოლას ოთხი პედაგოგი ჰყავს: სალომე გიორგაძე, თეა გუჩუა, ნინო გვარამია და კობა ლაზარაშვილი. ზალცბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საოცრად ემადლიერებიან დებ ცაბაძეებს, რომლებიც ქართულ საქმეს უანგაროდ ემსახურებიან.

