
ეს განცხადება პერემიშლის(პოლონეთი) რკინიგზის სადგურში მდგარ მატარებელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
მატარებელი, რომელიც კიევის მიმართულებით თბილისის დროით 15:00 საათზე უნდა დაძრულიყო, ამ დრომდე სადგურშია გაჩერებული. მატარებლის უფროსმა პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს გამოუცხადა, რომ შემადგენლობა არ დაიძვრება, სანამ მატარებელს მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს.
განცხადების თანახმად, რომელიც მატარებელში გაკეთდა, მგზავრებს, რომლებმაც მატარებლით გამგზავრება ვერ შეძლეს, ბილეთებში გადახდილ თანხას უკრაინაში აუნაზღაურებენ. ამ განცხადების შემდეგ მგზავრებმა მატარებლის დატოვება დაიწყეს.
მატარებელში პოლონელი სამართალდამცველები იყვნენ ასული, მათ სააკაშვილის უკრაინული პასპორტი შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ პოლონურ მხარეს მასთან პრეტენზია არა აქვს. ამის მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ მატარებლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კონკრეტული ბრძანების გამცემი არ სახელდება.
სახალხო დეპუტატები უკრაინის მთავრობის წევრებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა უკრაინის შსს-მ, სადაც აღნიშნულია, რომ პოლონეთში მატარებლის გადაადგილებასთან მას არანაირი კავშირი არა აქვს.