-
2017-08-27 21:50
ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადასვენების პერსპექტივაზე უკმაყოფილობის გამოთქმის შემდეგ ზუგდიდელი მრევლი და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი ათონის მთაზე კვართის დროებით გადატანაზეც უარს ამბობენ : მარიამობის დღესასწაულზე კვართი ზუგდიდში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გადმოცემათა მიხედვით ღვთისმშობლის კვართი საქართველოში კონსტინეპოლის დაცემის შემდეგ შემოიტანეს და ის სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის მიერ იყო დალუქული და დაცული. კვართი 1923 წლამდე ხობის მონასტერში ინახებოდა, 1923 წლიდან კი ზუგდიდის მუზეუმში გადაინაცვლა, საიდანაც რამდენიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე, წირვის დროს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში გადააქვთ ხოლმე.
მარიამობის დღესასწაულზე სიწმინდის ხობის ტაძარში გადატანის სურვილი ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა გამოთქვა, რასაც ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი მრევლის ხმაურიანი უკმაყოფილება მოჰყვა.
სადავო საკითხზე საგანგებო განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას კვართის ადგილსამყოფელის შესახებ წმინდა სინოდი მიიღებს:
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს. ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.
შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ", — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.